სახელმწიფოს მიერ განხორციელებულმა მცენარეთა დაცვის ღონისძიებებმა ხელი შეუწყო მავნებლებისგან სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვას

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს მცენარეთა დაცვის ღონისძიებებს, რომლებიც ეხმარება ფერმერებს მავნებლებისგან დაიცვან სასოფლო-სამეურნეო კულტურები და შეინარჩუნონ მოსავალი.

მცენარეთა დაცვის მიზნით განხორციელებულ საქმიანობაზე გაამახვილა ყურადღება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, 2019 წლის ანგარიშის შეჯამებისას. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელიც ქვეყანამ დაძლია, აზიური ფაროსანაა. სახელმწიფოს მიერ განხორციელებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგად, 2019 წელს ფაროსანას რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. აღსანიშნავია, რომ მავნებელთან ბრძოლის საქართველოს გამოცდილება საერთაშორისო ექსპერტებმა სამაგალითოდ აღიარეს.

გარემოზე პესტიციდების ზემოქმედების შემცირების მიზნით და წინა წლებში მიღებული შედეგების გათვალისწინებით, 2019 წელს აქცენტი გაკეთდა ,,მოიზიდე და გაანადგურე” ტექნოლოგიის გამოყენებაზე.

დასავლეთ საქართველოში, 27 მუნიციპალიტეტის 430 სოფელში, დამუშავებულია 440 000 ჰექტრამდე ფართობი. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებში ჩართული იყო სააგენტოს 250-მდე ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა.

გასულ წელს სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ერთობლივი მუშაობს შედეგად, ფერმერებმა თხილის კარგი მოსავალი მიიღეს, შენარჩუნდა ასევე უხვი და მაღალი ხარისხის სიმინდისა და ციტრუსის მოსავალი. აღმოსავლეთ საქართველოში არ აღინიშნა სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანების ფაქტი.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ღონისძიებები განახორციელა სხვა საკარანტინო მავნებლების, ტრანსმისიური დაავადებების გადამტანების (კოღოები) საწინააღმდეგოდაც. ფართობები დამუშავდა ამერიკული თეთრი პეპლის (2 340 ჰა), იტალიური კალიის (31 847 ჰა) და კოღოს (6 905,1 ჰა) წინააღმდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები