ხელოვნების სასახლეში გრაფ ოლდენბურგის ბიბლიოთეკა გაიხსნება

ხელოვნების სასახლეში გრაფ ოლდენბურგის ბიბლიოთეკა გაიხსნება.
„სულ მალე გაიხსნება ხელოვნების სასახლის იშვიათ გამოცემათა კაბინეტი, იგივე გრაფ ოლდენბურგის ბიბლიოთეკა“, – აღნიშნულია ხელოვნების სასახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. აქვე გამოქვეყნებულია ამ ბიბლიოთეკის ფოტოები.
გრაფ კონსტანტინე ოლდენბურგის სახელი უკავშირდება სასახლის ისტორიას, რომელშიც საქართველოს თეატრის, მუსიკის კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმია.
შენობს 1895 წელსაა აშენებული. იგი მტკვრის მარცხენა სანაპიროზე თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში მდებარეობს და არქიტექტორ პოლ შტერნის მიერაა დაპროექტებული. თუმცა შენობა შემდგომშიც არაერთხელ გადაკეთდა.
პროექტმა დასრულებამდე სახეცვლილება განიცადა, რადგან მშენებლობის პროცესში, ნაგებობა გერმანელმა პრინცმა კონსტანტინე პეტრეს ძე ოლდენბურგელმა (1850-1906) ერთი ქართველი მანდილოსნისათვის, აგრაფინა ჯაფარიძე-დადიანისათვის, შეისყიდა. ეს ქალბატონი 1882 წელს რუსეთის იმპერატორის ნათესავმა, წარმოშობით გერმანელმა კ. ოლდენბურგელმა ქალაქ ქუთაისში გაიცნო. იგი ამ დროისათვის სამეგრელოს თავადის ტარიელ დადიანის მეუღლე იყო. პრინცი იმდენად მოიხიბლა ამ ქალბატონის მშვენიერებით, რომ მისი ოჯახური მდგომარეობა და XIX საუკუნეში საქართველოსა და ევროპაში დამკვიდრებული ტრადიციები არად ჩააგდო და აგრაფინას ჯაფარიძე-დადიანისას სიყვარულში გამოუტყდა. ოლდენბურგელის მხურვალე გრძნობამ აგრაფინას ქმარიც დაავიწყა და მოვალეობაც. შეყვარებულებმა ქუთაისი დატოვეს და საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდნენ. პრინცმა სატრფოს ახლადნაყიდ მიწაზე ულამაზესი სასახლე აუშენა.
მოგვიანებით სწორედ ამ სასახლეში ცხოვრობდა სამეგრელოს უფლისწული ანდრია დადიანი, მსოფლიოში ცნობილ მოჭადრაკე, ეკატერინე ჭავჭავაძისა და დავით დადიანის უმცროს ვაჟი. შემდეგ კი აქ დამკვიდრდა ანდრიას დის, სალომე დადიანის მეუღლე, პრინც აშილ მიურატი.
ხელოვნების სასახლეში არსებობს სიყვარულის კოშკი – გადმოცემის მიხედვით სიყვარულის კოშკი სასახლეს მოგვიანებით მიაშენეს, მასში დღემდე შემორჩენილია ე.წ საიდუმლო ოთახი, სადაც ლეგენდის მიხედვით შეყვარებული წყვილი (გრაფი კონსტანტინე ოლდენბურგი და აგრაფინა ჯაფარიძე) ერთმანეთს ხვდებოდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები