თეა წულუკიანი: რომელიმე წევრი ქვეყნის დელეგაციის საქართველოში არშემოშვება, საქართველოსთვის სანქციებით დამთავრდება

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს თავმჯდომარეობის პირობებში, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომის ფარგლებში, საქართველოს საზღვარზე რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლების შემოშვებასთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

მინისტრის თქმით, რომელიმე წევრი ქვეყნის დელეგაციის საქართველოში არშემოშვება, საქართველოსთვის სანქციებით დამთავრდება.

„სიტყვის ფარგლებში, როდესაც ქალბატონ სალომეს დაუსვეს შეკითხვა – თუკი საქართველოს თავმჯდომარეობის პირობებში, ევროსაბჭო მინისტრთა კომიტეტის სხდომას გაზაფხულზე ჩაატარებს თბილისში, საქართველოს საზღვარზე შემოშვებულები იქნებიან თუ არა რუსეთის ფედერაციის დელეგაციის წარმომადგენლები, ამ კითხვაზე საქართველოს პრეზიდენტს შეიძლებოდა ჰქონოდა ის ერთადერთი პასუხი, რომელიც მან გასცა.

კერძოდ, ევროსაბჭოს სტატუტი და ასევე შეთანხმება იმუნიტეტების შესახებ, რომლის ხელმომწერები ვართ იმ პერიოდიდან, როდესაც ბატონმა ჟვანიამ სწორედ იმ ტრიბუნიდან, რომელზეც ქალბატონი სალომე იდგა რამდენიმე დღის წინ, თქვა ის ცნობილი ფრაზა, რომელიც ჩვენ ყველას გვახსოვს, იმ პერიოდიდან ვართ ჩვენ იმ ტექსტების მონაწილე და რომელიმე წევრი ქვეყნის დელეგაციის საქართველოში არშემოშვება, საქართველოსთვის სანქციებით დამთავრდება. ეს სანქციები უნდა ოპოზიციას, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში დაედოს სახელმწიფოს. ასევე არსებობს ჩვენი ქვეყნის შიდა კანონმდებლობა. ჯერ მანამდე დროა. როდესაც დადგება კონკრეტული საკითხი, ტარდება ეს სხდომა საქართველოში, თბილისში, ტარდება სტრასბურგში, თუ ვინ ჩამოდის, ვინ მიდის, რა თქმა უნდა, ამაზე იქნება მსჯელობა. წინასწარ ის აჟიოტაჟი, რაც მოხდა, ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა და მისი პიროვნება, ინსტიტუტი იყოს დაკნინებული“ ,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომის ფარგლებში, საქართველოში რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლების შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საქართველო იმ რუსი დეპუტატებისთვის გააკეთებს გამონაკლის, რომლებმაც ოკუპაციის შესახებ ქვეყნის კანონი დაარღვიეს, და მაისში მათ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის შემადგენლობაში თბილისში მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები