“18 წლამდე ვცხოვრობდი, ახლა ვარსებობ” – უბედური შემთხვევა და ეტლს მიჯაჭვული ახალგაზრდა გოგო ოზურგეთიდან, რომელსაც საზოგადოების დახმარება სჭირდება (ვიდეო)

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირელი თამუნა შავაძე 14 წელია ეტლს არის მიჯაჭვული და კისერს ქვემოთ მგრძნოებლობა არ აქვს. 18 წლის იყო დედის გადასარჩენად საკუთარი თავი რომ გასწირა და მოჭრილი ხე დაეცა, მას შემდეგ ცხოვრებას ორ ნაწილად ყოფს – 18 წლამდე და შემდეგ. ამბობს, რომ 18 წლამდე მიზანდასახული, ოცნებებით და მისწრაფებებით სავსე იყო, უბედური შემთხვევის შემდეგ კი მისი სიცოცხლე არსებობას დაემსგავსა. თამუნა “რეგიონულ კვირასთან” მომხდარს იხსენებს და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
ერთადერთი რისთვისაც ამ ეტაპზე იბრძვის, ხელებია. სურს კვლავ შეეძლოს თმის საკუთარი ხელით დავარცხნა, წიგნის გადაფურცვლა, წერა – ამბობს, რომ ადრე სულ წერდა, უყვარდა ჩანახატების გაკეთება და ენატრება განცდა, რომელიც წერის დროს ეუფლებოდა. კალმის ხელში დაჭერა და ძველი შეგრძნებების ხელახლა განცდა თამუნასთვის 22 000 ამერიკული დოლარი ღირს, რისი საშუალებაც ოჯახს არ აქვს.  რეაბილიტაცია, რომელიც თამუნა შანიძეს ესაჭიროება თურქეთში ტარდება. ექიმები ახალგაზრდა გოგოს აიმედებენ, რომ შესაძლებელია ხელებში მგრძნობელობის დაბრუნება, თუმცა დროის გასვლასთან ერთად ეს შანსებიც მცირდება.
კითხვაზე, თუ რას აპირებს რობოტოთერაპიის შემდეგ, გვპასუხობს, რომ როგორც კი ხელებში მგრძნობელობა დაუბრუნდება სწავლის გაგრძელება სურს, რადგან 18 წლის თამუნას ოცნება – საკუთარი ბინა ბათუმში, საყვარელი პროფესია და სამსახური ჰქონდეს – აისრულოს.
ოჯახი ამბობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე  შესაძლებლობის ფარგლებში ყველანაირად გვერდში უდგანან, თუმცა ეს საკმარისი არაა. თამუნას მამაც ავადმყოფი ჰყავს, დიალეზის მკურნალობას გადის და ოჯახი სრულად დედის იმედზეა.
თამუნა “რეგიონულ კვირასთან” საუბარში იმედიანადაა, სჯერა, რომ ერთ დღესაც ისევ აიღებს კალამს ხელში, ისევ გადაიტანს საკუთარ ფიქრებს ფურცელზე, ისევ გადაშლის წიგნს ან თუნდაც, დედის დახმარების გარეშე, საკუთარი ხელით მიიღებს საკვებს. ამიტომ არ კარგავს იმედს, რომ არსებობენ კეთილი ადამიანები, რომლებიც მას ამ მიზნის მიღწევაში დაეხმარებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები