რატი იონათამიშვილი: თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება ძალიან მაღალი სტანდარტით წარიმართა

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა პროკურატურის იმ განცხადებაზე გააკეთა კომენტარი, რომლის მიხედვითაც პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება შეწყდა.

იონათამიშვილის თქმით, საქმეზე გამოძიება მაღალი სტანდარტით წარიმართა.

“გამოძიება ძალიან მაღალი სტანდარტით წარიმართა. ძალიან ბევრი საგამოძიებო ღონისძიებაა ამ პროცესში ჩატარებული. სამართალდამცავების მხრიდან დაიკითხა აბსოლუტურად ყველა პირი, ნივთმტკიცებებიც იქნა ამოღებული და მათი შესაბამისი საექსპერტო დასკვნებიც არის გამოტანილი. ვფიქრობ, გარემოებების ერთობლიობა გვაძლევს იმის საფუძველს, რომ თითოეული სამართალდამცავი პირი და სამართალდამცავი უწყება მოქმედებდა დადგენილი ნორმებისა და სტანდარტების ფარგლებში”, – განაცხადა იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ “სპეციალური დანიშნულების რაზმის არც ერთ წევრს და არც რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს კანონსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება არ ჩაუდენია, რის გამოც საქმეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები