დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებული გიორგი ჯანაშია ციხეს 2 წელში დატოვებს

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიასა და გუგა ბარბაქაძის სასამართლო პროცესი დასრულდა.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი ჯანაშიას 11 წლითა და 3 თვით მისჯილი წლებიდან საბოლოოდ, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, საიდანაც 4 წელს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდის, დანარჩენი 4 წელი კი პირობითად ჩაეთვლება. ჯანაშიას 2 წელი უკვე მოხდილი აქვს, შესაბამისად, ის პენიტენციურ დაწესებულებას 2021 წელს დატოვებს.

რაც შეეხება ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ გუგა ბარბაქაძეს, უზენაესმა სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა და ის მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში სცნო დამნაშავედ. ბარბაქაძეს სასჯელიც უცვლელი დარჩა, მას 11 წლითა და 3 თვის ვადით აქვს თავისუფლების აღკვეთა შეფარდებული.

ცნობისთვის, 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც ორი მოზარდის, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი არასრულწლოვანი – გიორგი ჯანაშია და გუგა ბარბაქაძე არიან მსჯავრდებულები. დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ასევე მიხეილ კალანდია, რომლის საქმესაც თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი ჯანაშიას 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გუგა ბარბაქაძეს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით, გიორგი ჯანაშია ცნობილ იქნა დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობაში, ხოლო, გუგა ბარბაქაძე ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები