დავით ზალკალიანი: პირველად თავმჯდომარეობის ფარგლებში, მექნება შესაძლებლობა, მივმართო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას

დავით ზალკალიანის განცხადებით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის რანგში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საპარლამენტო ასამბლეას საანგარიშო პერიოდში მინისტრთა კომიტეტის მიერ განხორციელებული საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს.

მინისტრი ასევე საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებსა და ევროპის საბჭოში მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრებს, შემდეგ კი საპარლამენტო ასამბლეის წევრების კითხვებს უპასუხებს.

„ბუნებრივია, ის 4 პრიორიტეტი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რაც არის ადამიანის უფლებები, გარემოს დაცვა, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება, დემოკრატიის განვითარება განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის ხელშეწყობით, იქნება ფართოდ გაშლილი და საპარლამენტო ასამბლეის წევრებს გავაცნობ ჩვენი თავმჯდომარეობის პერიოდში გასამართ ღონისძიებებს, ასევე ვისაუბრებ უკვე გამართული ღონისძიებების შესახებ, რადგანაც ნოემბრის შემდეგ ჩვენ უკვე რამდენიმე ღონისძიება გავმართეთ მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის ფარგლებში და ასევე, თბილისში, როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ, ვუმასპინძლეთ დიასპორული ორგანიზაციების შეკრებას. უამრავი ღონისძიებაა დაგეგმილი, მათ შორის მრგვალი მაგიდები, კონფერენციები, სემინარები, რომლებიც მიეძღვნება ამ პრიორიტეტებს, მე მექნება ასევე საუბარი სხვა მიმართულებებზე და იმ გამოწვევებზე, რომელიც აქტუალურია ამ ორგანიზაციისთვის და ყველა ამ ძირითად მიმართულებაზე ბუნებრივია გავაკეთებ აქცენტებს, ეს იქნება კარგი შესაძლებლობა რომ პარლამენტარებთან კითხვა – პასუხის რეჟიმში გაგრძელდეს დებატები და ვუპასუხო მათთვის საინტერესო ყელა კითხვას.” – აღნიშნა მინისტრმა.

დავით ზალკალიანის თქმით, მინისტრი სიტყვით გამოსვლისას, როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზეც ისაუბრებს.

„ეს იქნება თავმჯდომარის გადმოსახედიდან, რადგან მე ამ ორგანიზაციის წესდების თანახმად, ისეთი აქცენტები უნდა გავაკეთო, როგორც შეეფერება თავმჯდომარეს და არა ეროვნული პოზიციიდან, მინდა ასევე იცოდეთ, რომ ხვალ დაგეგმილია პრეზიდენტის მიმართვა საპარლამენტო ასამბლეაზე და პრეზიდენტი უკვე ეროვნული პოზიციიდან წარსდგება და ექნება შესაძლებლობა ისაუბროს ფართოდ ოკუპაციაზე, ასევე საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებებზე, ბორდერიზაციაზე, იმაზე თუ რა ჰუმანიტარულ სიტუაციაში აღმოჩნდა ჩვენი მოსახლეობა და ეს იქნება კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ მთლიანად ყოვლისმომცველი მიმოხილვა მოხდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით”- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები