სოფელ ქერეს მოსახლეობა არსებული პრობლემების მოგვარებას ითხოვს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეს მოსახლეობა ქართული პოლიციის ბლოკსაგუშაგოსთან შეიკრიბნენ და სოფელში არსებულ პრობლემებს აპროტესტებენ.
ადგილობრივების განცხადებით, სოფელში ცხოვრებისათვის საჭირო პირობები არაა.
“არანაირი პირობა არაა, არ გვაქვს სასმელი წყალი, შიდა გზები ნახეთ რა დღეშია . საოკუპაციო ხაზთან ვცხოვრობთ და მთის ზონის სტატუსიც არ გვაქვს. ამდენი ბავშვია სოფელში და საბავშვო ბაღი და სკოლა არ გვაქვს “,- განაცხადა აქციის მონაწილემ.
აქციას გამოეხმაურა გორის მუნიციპალიტეტის მერ კონსტანტინე თავზარაშვილი.
მისი განცხადებით, 2020 წლისთვის საზღვრისპირა სოფელ ქერეში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება.
“ქერეში, აქამდეც და მიმდინარე წელსაც, არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა და მომავალშიც განხორციელდება. ჩვენ ორიენტირებულები ვართ მაქსიმალურად მოკლე ვადებში გადავუჭრათ მოსახლეობას პრობლემები. მოგეხსენებათ, დავიწყეთ უკვე “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობასთან შეხვედრები, ასევე, მიმდინარეობს სამოქალაქო ბიუჯეტის საჯარო განხილვები.თითოეული სოფლის პრობლემა იქნება მონიშნული და გამოიკვეთება პრიორიტეტები. რაც შეეხება აქციის მონაწილეების მოთხოვნას, სასკოლო და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ინფრასტრუქტურის შესახებ, ეს პროექტი მთლიანად მუნიციპალური განვითარების ფონდ ეკუთვნის. აღნიშნული პრობლემა მოგვარდება, თუმცა მოითხოვს დროს. რაც შეეხება გზების პრობლემას, ამ დროისთვის მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან დაკავშირებით. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ არა მხოლოდ სოფელ ქერეს, არამედ მიმდებარე სოფლებსაც, უახლოეს პერიოდში მიენიჭებათ მთის ზონის სტატუსი”,- განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.