რუსთავის საქალაქო სასამართლოში დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 6 პირის წინასასამართლო სხდომა გაიმართა (ვიდეო)

რუსთავის საქალაქო სასამართლოში 35 წლის დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ზურაბ ჯღარკავას, გიორგი ასათიანის, დავით მიროტაძის, მიხეილ ღუბიანურის, დიმიტრი დუღაშვილის, ასევ ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული გიორგი გეთაშვილის წინასასამართლო სხდომა გაიმართა.

ბრალდებულების ადვოკატებმა აღკვეთი ღონისძიების ფორმის – პატიმრობის არასაპატიმრო ფორმით შეცვლის შუამდგომლობის საკითხი დააყენეს. სახელმწიფო ბრალდება კი მათ მიმართ გამოყენებული აღკვეთი ღონისძიების – პატიმრობის ძალაში დარჩენას მოითხოვდა. სასამართლომ სრულად გაითვალისწინა პროკურატურის არგუმენტები და ექვსივე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

სხდომაზე დაცვის მხარემ საქმის პროკურორ გიორგი ლობჟანიძის მიერ წარდგენილი ყველა არსებული მტკიცებულების დაუშვებლად ცნობა იშუამდგომლა, თუმცა მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილმა შუამდგომლობებთან დაკავშირებით მსჯელობა მომდევნო სხდომისთვის გადაიტანა, რომლის შემდეგაც საქმის არსებითი განხილვა ჩაინიშნება.
ლობჟანიძის განმარტებით, დავით მუმლაძის მკვლელობის უშუალო იარაღი გამოძიების პროცესში ამოღებული არ არის და არც მკვლელობის ადგილია იდენტიფიცირებული.

,,მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარემ ჩაატარა საკმაოდ მოცულობითი გამოძიება, შესაბამისად, მოპოვებულია მტკიცებულებები, რომლებიც ალბათობის მაღალი ხარისხით ადასტურებს, რომ ბრალდებულების მიმართ გამოტანილი იქნება გამამტყუნებელი განაჩენი. კონკრეტული მტკიცებულებების განხილვაში, ამ ეტაპზე ვერ შევალ, თუმცა საქმეში ნამდვილად არის ასეთი მტკიცებულებები, რაც სასამართლოს დაარწმუნებს ამაში“, – განაცხადა პროკურორმა გიორგი ლობჟანიძემ.

ცნობისთვის, 35 წლის დავით მუმლაძის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთისა და განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებული ზურაბ ჯღარკავა, გიორგი ასათიანი, დავით მიროტაძე, მიხეილ ღუბიანური, დიმიტრი დუღაშვილი, ასევ ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული გიორგი გეთაშვილი დუმილის უფლებით სარგებლობენ.
მომდევნო სხდომა 5 თებერვალს ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ პოლიციამ დავით მუმლაძის მკვლელობის საქმეზე 5 პირი 7 ოქტომბერს დააკავა, მათ შორის, მოქმედი და ყოფილი პოლიციელები. ზურაბ ჯღარკავაზე კი ძებნა გამოცხადდა, ის სამართალდამცავებმა 2 იანვარს წითელი ხიდის სასაზღვრო გამშვები პუნქტთან, მდინარის პირას დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ჯღარკავა სავარაუდოდ ქვეყნის დატოვებას აპირებდა.

დავით მუმლაძისთვის საქმეზე დაკავებულ ზურაბ ჯღარკავას და გიორგი ასათიანს, ჯგუფურად უკანონო თავისუფლების აღკვეთა და განზრახ მკვლელობა ედებათ ბრალად, შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებს დავით მიროტაძე და მიხეილ ღუბიანურს, ასევე ყოფილ სამართალდამცავს დიმიტრი დუღაშვილს ჯგუფურად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, ხოლო გიორგი გეთაშვილს, ბრალი ცრუ ჩვენების მიცემისთვის აქვს წაყენებული.

35 წლის დავით მუმლაძის ცხედარი მდინარე მტკვარმა, რუსთავში 2019 წლის 5 ოქტომბერს გამორიყა. არსებული ინფორმაციით, მას სხეულზე 30-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ოჯახი დავით მუმლაძეს 1-ელი ოქტომბრიდან ეძებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები