პროკურორი: ბრალდების მხარემ დეტალურად მიმოიხილა ის მტკიცებულებები, რომელიც ცალსახად ადასტურებს დავით სარალიძის ეპიზოდში გუგა ბარბაქაძის ბრალეულობის საკითხს

ბრალდების მხარემ დეტალურად მიმოიხილა ის მტკიცებულებები, რომელიც ცალსახად ადასტურებს დავით სარალიძის ეპიზოდში გუგა ბარბაქაძის ბრალეულობის საკითხს, – ამის შესახებ პროკურორმა თორნიკე ნადირაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი ჯანაშიამ აღიარა და მოინანია სწორედ ის დანაშაული, რომელსაც ბრალდების მხარე ედავებოდა.

“საზოგადოებას მინდა შევახსენო, რომ ორივე ინსტანციის სასამართლოში, ბრალდების მხარე ცალსახად მიუთითებდა, რომ გიორგი ჯანაშიას მიერ განხორციელდა ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მკვლელობა. ამაზე დაეთანხმა დაცვის მხარე დღევანდელ სასამართლო პროცესზე და შესაბამისად, აღიარა და მოინანია სწორედ ის დანაშაული, რომელსაც ბრალდების მხარე ედავებოდა და რაც კიდევ ერთხელ დადასტურდება უზენაეს სასამართლოში”, – განაცხადა თორნიკე ნადირაძემ.

მან განმარტა, რომ დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარემ გუგა ბარბაქაძესთან დაკავშირებულ საკითხზე წარადგინა საკასაციო საჩივარი, სადაც დეტალურად მიმოიხილა ის მტკიცებულებები, რომელიც ცალსახად ადასტურებს დავით სარალიძის ეპიზოდში მისი ბრალეულობის საკითხს.

„ყურადღება გამახვილდა ასევე სააპელაციო სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ახალ მტკიცებულებებზე, რომელიც ცალსახა თანხვედრაში მოდის გამოძიების დროს მოპოვებულ მტკიცებულებებთან და რომელიც ადასტურებს მტკიცებულებათა ერთობლიობიდან გამომდინარე, რომ გუგა ბარბაქაძის მიერ განხორციელებულია აღნიშნული ქმედება. ძალიან მარტივად მინდა მოგახსენოთ, რომ ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება თავად ბრალდებულ გუგა ბარბაქაძის მიერ გაჟღერებული პოზიციაა აუდიო-ვიდეო ჩანაწერში, სადაც იგი პირდაპირ მიუთითებს, რომ იგი იმყოფებოდა ფარდულში, მაშინ როდესაც მთელი ამ პროცესების განმავლობაში სასამართლოზე განმარტავს, რომ ფარდულში იგი საერთოდ არ შესულა”, – აღნიშნა პროკურორმა.

მისივე თქმით, ბრალდების მხარე მიუთითებდა და დღესაც მიუთითებს, რომ მიხეილ კალანდიას ჩვენება თანხვედრაში მოდის გამოძიების მიერ მოპოვებულ სხვა მტკიცებულებებთან და ერთობლიობაში ქმნის იმ სურათს, რომ გუგა ბარბაქაძე მონაწილეობდა დავით სარალიძის მკვლელობაში.

„მინდა განმარტება გავაკეთო ამ საკითხთან დაკავშირებით, მიხეილ კალანდიას მიცემული ჩვენება ცალკე აღებული ბუნებრივია არ განიხილება, ბრალდების მხარე მიუთითებდა და დღესაც მიუთითებს, რომ მიხეილ კალანდიას ჩვენება გუგა ბარბაქაძის მიერ დანის გამოყენების ნაწილში თანხვედრაში მოდის გამოძიების მიერ მოპოვებულ სხვა მტკიცებულებებთან და ერთობლიობაში ქმნის იმ სურათს, რომ გუგა ბარბაქაძე მონაწილეობდა დავით სარალიძის მკვლელობაში. აქედან გამომდინარე, ეს ცალსახა და ნათელია და ბრალდების მხარე სამართლებრივ ჭრილში განიხილავს უზენაეს სასამართლოში”, – განაცხადა პროკურორმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები