კალანდიას ადვოკატი: სარალიძე იმართება “ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრისგან“, რომელიც სააკაშვილის ფილიალია
ზაზა სარალიძე იმართება „ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრისგან“, რომელიც არის პირდაპირ მიხეილ სააკაშვილის ფილიალი და პროვოკაციისა და დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული, – ამის შესახებ დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდიას ადვოკატმა ზურაბ თოდუამ განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ კალანდიას უდანაშაულობის შესახებ მყარი მტკიცებულებები აქვს.
„ზაზა სარალიძეს ყველაფერი გასდიოდა ხელისუფლებასთან. მიჩვეულია, რომ უკარნახოს პროკურორს, უკარნახოს მოსამართლეს, უკარნახოს გამომძიებელს, უკარნახოს ზურაბ თოდუას და კალანდიას. ამას არ დავუშვებთ არავითარ შემთხვევაში, თუნდაც ირაკლი შოთაძის ხელახალ პროკურორობას კი არა, „ქართული ოცნების“ კიდევ ერთხელ არჩევას მისცეს ხმა. ისეთი მტკიცებულებები გამაჩნია მიხეილ კალანდიას უდანაშაულობის შესახებ, რაც არ უნდა იხტუნაოს და ვინც არ უნდა ახტუნაოს, ვინც დგას მის უკან, ძალიან კარგად არის ჩემთვის ცნობილი. ფაქტობრივად, ის იმართება „ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრისგან“, რომელიც არის პირდაპირ მიხეილ სააკაშვილის ფილიალი და პროვოკაციისა და დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული. მისი წარმომადგენელი ამ ორგანიზაციის ადვოკატია. ზაზა სარალიძე ფაქტობრივად, ორივე პოლიტიკური ძალისგან იმართებოდა. მას შემდეგ, რაც მან ნაბიჯი გადადგა და მხარი დაუჭირა შოთაძის კანდიდატურას, მათ შორის არის დაძაბულობა. იმისთვის, რომ ზაზა სარალიძის გამოყენებას კიდევ აპირებენ ამ ორგანიზაციის წევრები და სხვები, მიმდინარეობს ომი ზაზა სარალიძის „დასათრევად“, – აღნიშნა მიხეილ კალანდიას ადვოკატმა ზურაბ თოდუამ.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდიას პროცესზე ბრალდების მხარის მოწმე, ექსპერტი დაიკითხა. მოწმემ კონფლიქტში მონაწილე პირების ტანსაცმელზე ჩატარებულ ექსპერტიზის დასკვნებზე ისაუბრა. ასევე სხდომაზე ორი მოწმის, მათ შორის მირზა სუბელიანის ჩვენება უდავოდ ცნეს, შესაბამისად მირზა სუბელიანი სასამართლოში აღარ დაიკითხება. აღნიშნული შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა რასაც დაცვის მხარე დაეთანხმა.
„დღევანდელ პროცესზე დაიკითხა ერთი მოწმე, ექსპერტი, რომელსაც ჰქონდა ექსპერტიზა ჩატარებული იმ დაზიანებებზე, რა დაზიანებებიც არსებობდა როგორც გარდაცვლილების, ასევე კონფლიქტის სხვა მონაწილეების, მათ შორის ბრალდებულის ტანისამოსზეც. მომდევნო პროცესი გაგრძელდება კვლავ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკველივით. ჯამში, დაახლოებით 20-მდე მოწმის უდავოდ ცნობა მოხდა პროცესის დაწყებიდან დღემდე. საქმე იმაშია, რომ წარმოდგენილია მოწმეთა ჩვენებები და თუკი ბრალდებისა და დაცვის მხარეები ერთობლივად განაცხადებენ, რომ რაც წერილობით გამოკითხვის ოქმში წერია, დამატებითი კითხვები ამ მოწმესთან არ აქვთ, ეს ჩვენებები მიჩნეულ იქნება უდავო მტკიცებულებად. ვთანხმდებით, რომ საკმარისია ის ინფორმაცია, რაც წერილობით ოქმში წერია. მათ შორის არის მირზა სუბელიანი“, – განაცხადა პროკურორმა მირიან მეგრელიშვილმა.