პროკურორი: თუ გუგა ბარბაქაძე არ აღიარებს ბრალს, მასთან საპროცესო შეთანხმებას ბრალდების მხარე არ დათანხმდება
თუ გუგა ბარბაქაძე არ აღიარებს ბრალს, მასთან საპროცესო შეთანხმებას ბრალდების მხარე არ დათანხმდება, -ამის შესახებ პროკურორმა თორნიკე ნადირაძემ განაცხადა.
“გუგა ბარბაქაძის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გენერალურ პროკურატურას მომართა საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ერთმნიშვნელოვნად და ცხადად შემიძლია განვმარტო, რომ ასეთი ტიპის მოლაპარაკებები არ წარმოებს, ბრალდების მხარე არ არის თანახმა აღნიშნულ საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით. მარტივი პროცედურა რომ განვმარტოთ, იმისათვის რომ, ზოგადად საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს, მინიმალური სტანდარტი გახლავთ ის, რომ ბრალის აღიარება უნდა მოხდეს,” – განაცხადა თორნიკე ნადირაძემ.
მან განმარტა, რომ დახურული სასამართლო პროცესის გამო საქმის კონკრეტულ დეტალებზე ვერ ისაუბრებს.
„ბრალდების მხარე ორი ინსტანციის სასამართლოში მიუთითებდა და დღემდე მიუთითებს, რომ გ.ბ.-ს მიმართ არსებობდა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადასტურებდა მის ბრალეულობას ორივე ეპიზოდთან მიმართებით, როგორც ლევან დადუნაშვილის, ასევე, დავით სარალიძის ეპიზოდებში. შესაბამისად, ამ პოზიციას დაიჭერს უზენაეს სასამართლოში ბრალდების მხარე და სამართლებრივად იდავებს ამ საკითხებთან დაკავშირებით”, – აღნიშნა პროკურორმა.