რატი იონათამიშვილი: გვჯერა, რომ ოთხი კონგრესმენიდან თითოეული მათგანი ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარია
“მნიშვნელოვანია, რომ კონგრესმენებთან აქტიური თანამშრომლობა გვქონდეს, მივაწოდოთ მათ ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც ისინი გამოიტანენ ობიექტურ ანუ პოზიტიურ დასკვნებს”, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ოთხი კონგრესმენის მიერ გავრცელებულ წერილთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. ის იმედოვნებს, რომ თითოეული მათგანი საქართველოს გულშემატკივარია.
“საუბარი იყო იმაზე, რომ მიუხედავად ცალკეული კრიტიკული მოსაზრებებისა, რომელიც შეიძლება იყო გარკვეულად ტენდენციური, ჩვენ გვჯერა, რომ ოთხი კონგრესმენიდან თითოეული ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარია. ამიტომ, ცხადია, მნიშვნელოვანია, რომ მათთან აქტიური თანამშრომლობა გვქონდეს, მივაწოდოთ მათ ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც ისინი გამოიტანენ ობიექტურ ანუ პოზიტიურ დასკვნებს,” – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილი ოთხმა ამერიკელმა კონგრესმენმა მისწერა.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრს ოფიციალური წერილით მივმართეთ მე, ჯერი კონოლიმ, ელიოტ ენგელმა და მაიკლ მაკაულმა. ამ წერილში გამოვთქვით შეშფოთება პოლიტიკური ნიშნით მიზანში ამოღებისა და დაღმავალი ეკონომიკური ტენდენციების გამო, რაც პრობლემებს უქმნის საქართველოს გზას დემოკრატიული რეფორმებისა და დასავლეთთან ინტეგრაციისკენ“, – ნათქვამია ადამ კინზინგერის მიერ „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
თავის მხრივ, გიორგი გახარია კი ამბობს, რომ ამ წერილში სუბიექტური დამოკიდებულება იკითხება და აღნიშნავს, რომ სტრატეგიული პარტნიორები წერილებით არ უნდა საუბრობდნენ.