რეჟისორი და მსახიობი გოგი თოდაძე გარდაიცვალა

74 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, რეჟისორი, მსახიობი და პედაგოგი გიორგი (გოგი) თოდაძე. ამის შესახებ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორი თიკა რუხაძე ავრცელებს ინფორმაციას.
„გოგი თოდაძე – დიდი სიყვარულით და პატივისცემით… სამუდამოდ დარჩებით სასახლის ისტორიაში და ჩემს გულში… ძალიან დაგვაკლდებით… მინდა გქონდეთ იმედი, რომ ყველაფერს ისე გავაკეთებ, როგორც დაგპირდით!“
გოგი თოდაძემ დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1968 წელს; ამავე ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი – 1977 წელს.
1968 წლიდან მუშაობს მარჯანიშვილის თეატრში.
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; 90-მდე სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი (კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრი, მოზარდ მაყურებელთა თეატრი, გორის გ. ერისთვის სახელობის თეატრი, თავისუფალი თატრი, თეატრი ათონელზე, ტელევიზია, სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის თეატრი, გრიბოედოვის სახელობის თეატრი, სკოლა-სტუდია “ბერიკები”, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი); არის სკოლა-სტუდია “ბერიკების” დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სამხატვრო ხელმძღვანელი.
ევროპის ახალგაზრდა შემოქმედთა სწავლების სემინარის (ქ. ანკარა) პედაგოგი; მსოფლიოს მრავალი თეატრალური ფესტივალის მონაწილე და პრიზიორი (რუსეთი, გერმანია, ინდოეთი, იაპონია, კორეა, მონაკო), მრავალი სამთავრობო და სახალხო ზეიმების რეჟისორი (თბილისობა, საახალწლო ნაძვის ხის ზეიმი და სხვ.).
მიღებული აქვს თეატრალური პრემიები, არის ღირსების ორდენის კავალერი, მრავალი სამთავრობო და სახალხო ზეიმების რეჟისორი (თბილისობა, საახალწლო ნაძვის ხის ზეიმი…).
მისი აღზრდილი მსახიობები წარმატებით მუშაობენ თბილისის ყველა თეატრში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები