მევლუთ ჩავუშოღლუ: ნატოში საქართველოსნაირი მოკავშირე გვჭირდება, ამიტომ ალიანსი უნდა გაფართოვდეს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ ნატოს გაფართოებისკენ და ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანებისკენ მოუწოდა.

ამის შესახებ ჩავუშოღლუმ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, პანელური დისკუსიის დროს განაცხადა.

„არ მესმის, რატომ არ მივიწვიეთ საქართველო ორგანიზაციაში, ან რატომ არ გავააქტიურეთ სამოქმედო გეგმა, რომ ის ჩვენი წევრი გახდეს. ჩვენ გვაკრიტიკებენ რუსეთთან, როგორც მეზობელთან, შედარებით კარგი ურთიერთობისთვის, თუმცა ჩვენი დასავლელი მეგობრები არ ეთანხმებიან საქართველოს მიწვევას, რადგან მათ არ სურთ, რუსეთის პროვოცირება. თუმცა, საქართველოს ჩვენ ვჭირდებით და ჩვენ გვჭირდება საქართველოსნაირი მოკავშირე. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება გაფართოება და საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.

ამასთან, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ არასდროს მოხდება ოკუპაციისა და ანექსიის აღიარება.

„ვეთანხმები თუ არა რუსეთს ყირიმთან ან საქართველოსთან დაკავშირებით? არა. ჩვენ არასდროს ვაღიარებთ ამ უკანონო ოკუპაციას და ანექსიას. ჩვენს გარშემო მრავალი გაყინული კონფლიქტია, საქართველოს ორი რეგიონი, მთიანი ყარაბაღი, ყირიმი. ჩვენ არ ვეთანხმებით რუსეთს ზოგიერთ საკითხებზე, თუმცა ვთანამშრომლობთ მასთან მრავალ სფეროში“, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები