პროკურორი: ბრალდების მხარე ალექსანდრე სუბელიანის ჩვენებას დასკვნით სიტყვაში შეაფასებს

“რამდენად მნიშვნელოვანია ამ მოწმის ჩვენება ბრალდებულის მიმართ წარდგენილ ბრალდების შინაარსთან მიმართებაში, მას შემდგომ, რაც ჩვენ დავასრულებთ მტკიცებულებების გამოკვლევას, ბრალდების მხარე სახელმწიფო ბრალდების დასკვნით სიტყვაში თითოეული მოწმის ჩვენებას, შემხებლობას და მის მნიშვნელობას ბრალდებასთან მიმართებაში შეაფასებს,” – ამის შესახებ პროკურორმა ბესიკ ქვარცხავამ განაცხადა.

მისი თქმით, არასრულწლოვანმა მოწმემ ისაუბრა მისთვის ცნობილ გარკვეულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც ალექსანდრე სუბელიანს თავის დროზე ასევე გამოძიების ეტაპზე, გამოკითხვის პროცესში ჰქონდა დაფიქსირებული.

„რა თქმა უნდა, მოწმეების მხრიდან გაჟღერებული ნებისმიერი ინფორმაცია საქმისთვის არის მნიშვნელოვანი, მისი შეფასება არის საბოლოო ჯამში სასამართლოს პრეროგატივა. მხოლოდ ერთი მტკიცებულებით ან მხოლოდ ერთი ჩვენებით არ მოხდება საქმეზე გადაწყვეტილების მიღება. ჩვენებები, მათ შორის ექსპერტების ჩვენებები, გარდა ამისა, წერილობითი მტკიცებულებები, ნივთიერი მტკიცებულებები საერთო ჯამში უნდა შეფასდეს. არ უნდა შეფასდეს მხოლოდ ერთი მტკიცებულება,” – აღნიშნა პროკურორმა.

ბესიკ ქვარცხავამ აღნიშნა, რომ მიხეილ კალანდიას საქმეზე დაახლოებით 150-მდე პირის ჩვენება, ასევე, ათეულობით წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებაა წარმოდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები