ამერიკელი კონგრესმენები: Facebook-მა დახურა “ქართული ოცნების” მიერ შექმნილი ანგარიშები

0

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ განთავსდა ოთხი კონგრესმენის – ადამ კინზინგერის, ელიოტ ენგელისა, გერი კონოლის და მაიკლ მაკკოლის წერილი, რომლითაც ისინი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართავენ.

წერილში კონგრესმენები იმედს გამოთქვამენ, რომ მთავრობა იმუშავებს აშშ-ის კონგრესთან, ელჩ კელი დაგნანთან, ევროკავშირთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა გაძლიერდეს დემოკრატიული ინსტიტუტები და გაიზარდოს ქართველი ხალხის ეკონომიკური კეთილდღეობა და საქართველო გააგრძელებს აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორად ყოფნას კიდევ მრავალი წლის განმავლობაში.

„ჩვენ როგორც კონგრესის წევრები დიდი ხანია მხარს ვუჭერთ საქართველოში დემოკრატიულ რეფორმებსა და დასავლეთისკენ ინტეგრაციას. როგორც 2019 წლის 13 დეკემბერს გამოგზავნილ წერილში ზოგიერთმა ჩვენგანმა გამოხატა შეშფოთება დაპირებული დემოკრატიული რეფორმების შეუსრულებლობასა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობის გამოვლენის ფაქტებზე. ამასთანავე ჩვენ გწერთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პოლიტიზირებასთან დაკავშირებით.

საქართველო ემზადება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში. ჩვენ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ დაიცვათ არჩევნების ლეგიტიმურობა და დავრწმუნდეთ, რომ ისინი დაცულია საშინაო და საგარეო ჩარევებისგან.

თქვენს მიერ 2019 წლის 17 დეკემბერს გამოგზავნილ პასუხში, თქვენ გვარწმუნებთ, რომ 2020 წლის არჩევნები გაიმართება უმაღლესი სტანდარტებით (ნორმების დაცვით). ბოლო მოხსენებების მიხედვით, Facebook-მა დახურა “ქართული ოცნების” მიერ შექმნილი ანგარიშები. ის ფაქტი, რომ ეს ანგარიშები ავრცელებდნენ დემოკრატიისა და დასავლეთის საწინააღმდეგო იდეოლოგიას, უბრალოდ მიუღებელია.

ამასთანავე, ჩვენ შეწუხებული ვართ იმ ფაქტით, რომ “ქართული ოცნების” მიერ დანიშნული პროკურორები თავიდან ხსნიან ჩვენ საგამოძიებო საქმეებს, რომლებიც მიმართულია პარტიის ოპონენტების წინააღმდეგ. მართალია, ზოგიერთ საქმესთან დაკავშირებით არის გამოძიების საფუძველი, თუმცა უმეტესობა გამიზნულია ოპოზიციური პარტიების ლიდერების, ახალი ამბების სააგენტოების, საერთაშორისო კორპორაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების წინააღმდეგ. კანონის უზენაესობისა და მიუკერძოებელ სასამართლო სისტემის პატივისცემა ჯანსაღი დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მოგიწოდებთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისკენ, რომელიც გარანტირებული იქნება თქვენი პარტიის მიერ.

1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობიდან მოყოლებული ქართველი ხალხი მიისწრაფოდა დემოკრატიისა და დასავლეთთან მჭიდრო პარტნიორობისკენ. ამასთანავე, მიუხედავად ბოლო 3 ათწლეულის განმავლობაში მიცემული პირობებისა ბოლო დროის დემოკრატიული და ეკონომიკური ტენდენციები აშშ-ის თვალში საქართველოს იმიჯზე უარყოფითად აისახება. სამწუხაროდ, ეკონომიკური მაჩვენებლები მიუთითებს საქართველოში ამერიკული და ევროპული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებაზე, რადგან კომპანიების მიმართ ადგილი ჰქონდა ზეწოლას, რაც უარყოფითად აისახა მათ ბიზნეს საქმიანობაზე.

ამასთანავე, “ქართული ოცნების” მიერ აშშ-ის მიერ მხარდაჭერილ ანაკლიის განვითარების კონსორციუმში პოლიტიკურმა ჩარევამ ამერიკული კომპანიების პროექტში ჩართვისათვის ხელის შეშლა გამოიწვია. ამ მოვლენებმა შესაძლოა არასასურველი გავლენა მოახდინოს ბიზნეს გარემოზე და შესაძლოა, შეაფერხოს საქართველოში აშშ-ის სამომავლო ინვესტიციები. შემცირებული უცხოური ინვესტიციები არამხოლოდ ქართველ ხალხსა და მათ იმედებს აზიანებს, არამედ ხელს უშლის დასავლურ ინსტიტუტებთან ინტეგრაციას და აძლიერებს ვლადიმერ პუტინის გავლენას რეგიონში. საქართველოს აქვს შესაძლებლობა აშშ-დან და ევროპიდან ცენტრალური აზიისკენ და პირიქით ტვირთების გადაზიდვის მნიშვნელოვანი ჰაბი გახდეს, რაც საქართველოში ეკონომიკის ბუმს (აღმავლობას) გამოიწვევს.

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ თქვენი მთავრობა იმუშავებს აშშ-ის კონგრესთან, ელჩ კელი დაგნანთან, ევროკავშირთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა გაძლიერდეს დემოკრატიული ინსტიტუტები და გაიზარდოს ქართველი ხალხის ეკონომიკური კეთილდღეობა და საქართველო გააგრძელებს აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორად ყოფნას კიდევ მრავალი წლის განმავლობაში. ჩვენ მოუთმენლად ველით თქვენს პასუხს”,-ნათქვამია წერილში.

წერილს ოთხი კონგრესმენი – ადამ კინზინგერი, გერი კონოლი, ელიოტ ენგელი, ​მაიკლ მაკკოლი აწერენ ხელს.

კომენტარები

კომენტარი