სალომე ზურაბიშვილი: ისრაელის და საქართველოს პატარა ერები გარე საფრთხეების წინაშე ვდგავართ და გვიწევს ჩვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვა

“ისრაელისა და საქართველოს კავშირი დღევანდელ მსოფლიოშიც აისახება: ჩვენ, ორი ქვეყნის პატარა ერები, გარე საფრთხეების წინაშე ვდგავართ და გვიწევს ჩვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვა”, – ამის შესახებ ​საქართველოს პრეზიდენტმა იერუსალიმში, მუზეუმ “სიონის მეგობრებში” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა ამერიკული ორგანიზაციის უმაღლესი ჯილდოს გადაცემის საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა, აღნიშნული ჯილდო ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს მხარდაჭერის კიდევ ერთი ნიშანია.

პრეზიდენტის შეფასებით, ეს მხარდაჭერა ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ არ შეწყვეტილა და იგი კიდევ ერთხელ დადასტურდა, ახლახან მიღებული საქართველოს მხარდაჭერის აქტით.

„საქართველომ ორჯერ შეუწყო ხელი ქრისტეს საფლავის რეკონსტრუქციას; აქ ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან ისტორიულ როლს ადასტურებს 39 მონასტერი, ჯვრის მონასტრის ჩათვლით, რუსთაველის ცნობილ ფრესკასთან ერთად. ჩვენი საერთო წარსულიდან ახალ აღმოჩენებს წარმოაჩენს ერთობლივი არქეოლოგიური ექსპედიციები. ჩვენი კავშირი მხოლოდ წარსულის კუთვნილება არ არის, – იგი ჩვენი აწმყოცაა. ჩვენ ძალიან შევეთვისეთ ერთმანეთს. ქართველმა ებრაელებმა ჩვენთან იპოვეს ადგილი, სადაც შეინარჩუნეს თავიანთი ენა და კულტურა. ამიტომაც, ბუნებრივია, რომ ისრაელის ხალხში არ ნელდება საქართველოში ჩამოსვლის, იქ ინვესტიციების განხორციელებისა და მათი ტრადიციებისა და კულტურის ჩვენთვის გაზიარების სურვილი. ჩვენი კავშირი დღევანდელ მსოფლიოშიც აისახება: ჩვენ, ორი ქვეყნის პატარა ერები, გარე საფრთხეების წინაშე ვდგავართ და გვიწევს ჩვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვა. ორივე ერი გლობალური გამოწვევების წინაშე ვიდექით, – იმ გამოწვევებისა, რომელიც დღეს უკვე მთელი სამყაროს ხვედრია. ორივე ტერორიზმის საერთო საფრთხეს ვებრძვით: ჩვენი ჯარისკაცები – მსოფლიოს სხვადასხვა სამშვიდობო მისიაში, თქვენი ჯარისკაცები კი – თქვენს საზღვრებზე.

ორივე ქვეყანა ვამაყობთ საერთო სტრატეგიულ პარტნიორთან – ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით და მისი ფასდაუდებელი დახმარებით. მინდა გთხოვოთ, პრეზიდენტ ტრამპს გადასცეთ ჩემი უდიდესი მადლიერება ჩვენი თავისუფლებისა და სუვერენიტეტის დაცვაში ხელშეწყობისთვის. დღევანდელი ჯილდო ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს მხარდაჭერის კიდევ ერთი ნიშანია. ეს მხარდაჭერა ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ არ შეწყვეტილა და იგი კიდევ ერთხელ დადასტურდა ახლახან მიღებული საქართველოს მხარდაჭერის აქტით. ჩვენ საერთო მომავალი გვაქვს, რადგან წარსულიდან გამომდინარე ვიცით, რომ ჩვენზე ვერავინ გაიმარჯვებს, საბოლოოდ ვერავინ დაგვამარცხებს. 26 საუკუნის განმავლობაში ერთმანეთის გვერდით ვდგავართ და, თუ დღემდე მოვედით და ღირებულებები გადავარჩინეთ, მომავალშიც გავაგრძელებთ ჩვენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვას. ჩვენ გვაერთიანებს გამძლეობა და მომავლის ძლიერი რწმენა. ჩვენ საერთო მომავალი გვაქვს, და ეს მომავალი ტრაგედიას არ დაუშვებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები