სტრასბურგში ხვალ თემაზე – „ახალგაზრდობის ჩართულობით დემოკრატიის გაძლიერება ევროპის საბჭოსა და მის წევრ ქვეყნებში“ შეხვედრა გაიმართება

0

2020 წლის 23 იანვარს სტრასბურგში, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში, საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, გაიმართება შეხვედრა თემაზე – „ახალგაზრდობის ჩართულობით დემოკრატიის გაძლიერება ევროპის საბჭოსა და მის წევრ ქვეყნებში“.

როგორც „კვირას“ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, ღონისძიების მონაწილეებს და ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტს სიტყვით მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი რევაზ ჩარკვიანი, რომელიც საქართველოს ხედვაზე, საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაციის და დემოკრატიული რეფორმების იმპლემენტაციის პროცესში ახალგაზრდობის ჩართულობაზე ისაუბრებს.

შეხვედრას გახსნიან ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ირაკლი გივიაშვილი და ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი.

სხდომაზე, ასევე, სიტყვით გამოვლენ ევროპის საბჭოს ახალგაზრდობის საკითხებზე მრჩეველთა საბჭოსა და ახალგაზრდობის ერთობლივი საბჭოს თავმჯდომარე ანია ოლინ პაპი; ევროპის ახალგაზრდული ფორუმის ვიცე-პრეზიდენტი ვილი მაიამა და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ყოფილი ახალგაზრდა დელეგატი და SAY-ის (მდგრადობა და ადვოკატირება ახალგაზრდების მიერ) დამფუძნებელი, ივან ჰრომადა.

აღსანიშნავია, რომ საქართველო 2019 წლის 27 ნოემბრიდან 6 თვის ვადით ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა. საქართველომ თავმჯდომარეობის ოთხ პრიორიტეტად განსაზღვრა: ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა; სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება – აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება; დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობით.

კომენტარები

კომენტარი