სერვისის გასაუმჯობესებლად აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი 613, 800 ლარს დახარჯავს
მიმდინარე წელს, აჭარაში სერვისის გასაუმჯობესებლად აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი 613, 800 ლარს დახარჯავს.
ამის შესახებ “რეგიონულ კვირა“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს.
პროგრამის მიხედვით, რომლის ბიუჯეტიც წინა წელთან შედარებით 110%-ითაა გაზრდილი, ტურიზმის სექტორში დასაქმებულ პირებს უფასო ტრენინგები, სემინარები, ვორქშოპები, მასტერკლასები და ენის კურსები ჩაუტარდებათ. გარდა ამისა, გაგრძელდება მომსახურების ხარისხის კვლევა და საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლების დაჯილდოება „მაგნოლია 2020“-ზე.
მათივე ინფორმაციით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისთვის რეგიონში სერვისის გაუმჯობესება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით ბოლო წლებში, დეპარტამენტმა რეგიონში 3,282 ტურიზმის სექტორში დასაქმებული პირი გადაამზადა. მათ შორის არიან გიდები, კვებისა და განთავსების ობიექტების, ტურისტული სააგენტოებისა და სოფლად არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლების, ღვინის მარნების წარმომადგენლები.
“სერვისის გაუმჯობესება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია და კერძო სექტორთან, დონორ ორგანიზაციებთან ერთად ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. სხვადასხვა სასწავლო პროგრამებით, რომელშიც ტურიზმის დარგში დასაქმებული პირები იყვნენ ჩართულები, 2019 წელი ნამდვილად გამორჩეული იყო. მიმდინარე წელს კი გაზრდილი ბიუჯეტით ჩვენ უფრო ინტენსიურ და მრავალფეროვან ღონისძიებებს შევთავაზებთ სექტორს. ეს ყველაფერი სწორედ დარგის საჭირობებსა და გამოწვევებზე იქნება ორიენტირებული, რათა ერთობლივად შევძლოთ სერვისში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა. ამ მიმართულებით, გასულ წელს რეგიონში 1100 პირი გადავამზადეთ. აქცენტი ქალაქთან ერთად კეთდებოდა მთიანაჭარაზე, სადაც ტურისტების რაოდენობა მზარდია. წელსაც, ჩვენ ვეცდებით მთლიანი რეგიონი მოვიცვათ და ტურიზმის სექტორში დასაქმებულ პირებს მივცეთ საშუალება განავითარონ სერვისი“, – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თამარ კაიკაციშვილმა.