რუსეთმა იდლიბი და ალეპო დაბომბა – დაღუპულია, სულ მცირე, 40 ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვებიც
რუსეთის და ბაშარ ასადის სამთავრობო ძალებმა იდლიბისა და ალეპოს სოფლებზე საჰაერო იერიში მიიტანეს, რომლის შედეგად, სულ მცირე, 40 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არიან ბავშვებიც.
ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
სირიის სამოქალაქო თავდაცვის სამმართველოში განაცხადეს, რომ დაბომბვის შედეგად, სოფელ ბარაში ორი ადამიანი დაიღუპა, კაფრ ტეალში ოჯახის 9 წევრი, მათ შორის 6 ბავშვია; სოფელ ტაკადში ერთი ბავშვია დაღუპული, ჯიდრაიში 2, ტერმანინში 1.
უფლებადამცველების ინფორმაციით, 12 იანვრიდან, მას შემდეგ რაც იდლიბში დაზავება გამოცხადდა, ასადის რეჟიმისა და მისი მოკავშირეების იერიშებს, სულ მცირე, 62 მშვიდობიანი სირიელი ემსხვერპლა. საკუთარი სახლები, ამ პერიოდში 31,500 ადამიანმა დატოვა.