ნათია თურნავა: დღემდე საქართველოში გაცემულია 4200 წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია, აქედან 550 ლიცენზია მხოლოდ გასულ წელს გაიცა

დღემდე საქართველოში გაცემულია 4200 წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია, აქედან 550 ლიცენზია მხოლოდ გასულ 2019 წელს გაიცა,” – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „მაესტროს” გადაცემა „რეგიონებისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, წიაღისეულის სწორად გამოყენება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.

“წიაღისეული და მისი სწორი და ყაირათიანი გამოყენება ისეთივე მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის, როგორც სახელმწიფო ქონების პრივატიზება. ჩვენ გავატარეთ წიაღის სექტორის რეფორმა. დავამტკიცეთ ახალი სტრატეგია და გავააქტიურეთ ეს მიმართულება. დღემდე საქართველოში გაცემულია 4200 წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია, აქედან 550 ლიცენზია მხოლოდ გასულ 2019 წელს გაიცა. ამასწინათ, დავათვალიერე რამდენიმე ახლადგახსნილი საწარმო, რომლებიც ადგილობრივ ნედლეულს ტექნოლოგიურ და მაღალი ეკოლოგიური სტანდარტით მომუშავე საწარმოებში გადაამუშავებდნენ. ქართული საწარმოები უშვებენ საშენ მასალებს, ფილებს, ბლოკებს, აგურს, მოსაპირკეთებელ მასალებს და ამით შეუძლიათ, კონკურენცია გაუწიონ იმპორტულ ნაწარმს და ჩაანაცვლონ იმპორტი”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, საბადოებზე ლიცენზიების გაცემისას მიდგომაა, რომ ასევე გადამამუშავებელი საწარმოების მშენებლობის ვალდებულებაც დადგინდეს.

“ჩვენი ამოცანაა, წიაღი აქ გადამუშავდეს და ექსპორტზე მზა პროდუქტი გავიტანოთ, რაშიც ასევე დავეხმარებით,” – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, პროგრამაში “აწარმოე საქართველო” შესული ცვლილებით განისაზღვრა პრიორიტეტული დარგები, რომლებიც ექსპორტზე და იმპორტის ჩანაცვლებაზე ორიენტირებული იქნება. ერთ-ერთ ასეთ დარგად მინისტრმა კერამიკული წარმოება დაასახელა.

“ჩვენ მეწარმეებს დავეხმარებით არამხოლოდ ლიცენზიის აღებაში, არამედ მიწასაც გამოვუყოფთ, რომ გადამამუშავებელი საწარმო ააშენოს და ხალხი დაასაქმოს,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები