თამარ ჩუგოშვილი: საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულება კვლავ ქუჩის პროცესს გააცოცხლებს
დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ საარჩევნო სისტემაზე ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგის მეხუთე რაუნდის უშედეგოდ დასრულება ქუჩის პროცესს გააცოცხლებს.
როგორც მან აღნიშნა, ის არ ელოდება, რომ ამ საკითხზე რეალური ცვლილებები იყოს.
„ქუჩის პროცესი საარჩევნო სისტემის ჩაგდებამ გამოიწვია. შემდგომ მოლაპარაკებების დაწყებამ მცირედით შეანელა ეს ყველაფერი. დიალოგის პროცესი დაიწყო და, როდესაც თვეები განმავლობაში დიალოგს შედეგი არ მოაქვს, ბუნებრივია, ლოგიკური გაგრძელება პროცესების ქუჩაში გადასროლა იქნება. პროცესები ასე განვითარდება. სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელია. მე პირადად სამწუხაროდ არ ველოდები, არ მგონია, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით რეალური ცვლილებები ჯერ კიდევ იქნება. ყველა წინა შეხვედრა რომელიც გაიმართა, ფაქტია, რომ კონკრეტული შეთანხმებით ვერ დასრულდა და ბოლო შეხვედრა, რომელიც მალე გაიმართება, არ ვიცი, რამდენად იქნება შედეგის მომტანი.
ამ მოლაპარაკების უშედეგოდ დასრულება ისევ გააცოცხლებს ქუჩის პროცესს, რომელიც წინა წლის დასასრულს ვიხილეთ“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მისივე თქმით, “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის უშუალო მონაწილეობა შეხვედრებში, შედეგზე არ აისახება, რადგან მისივე განმარტებით, საბოლოდ გადაწყვეტილება მასზეა დამოკიდებული.