ანრი ოხანაშვილის შეურაცხყოფაში ბრალდებული: ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, ექსპერტმა ხელის დაზიანება დააფიქსირა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის შეურაცხყოფაში ბრალდებული, ვახტანგ რობაქიძე სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში იმყოფებოდა.
რობაქიძის თქმით, ექსპერტიზის ბიუროში სხეულზე ვიზუალური დათვალიერების დროს ხელზე დაზიანება დაფიქსირდა.
“ვიზუალური დათვალიერება მოხდა. ექსპერტმა დააფიქსირა ხელის დაზიანება და განმიმარტეს, რომ ჩემი სახსრებით უნდა ჩავიტარო მუცლის ღრუს გამოკვლევები და შემდეგ ამ გამოკვლევის შედეგებს ჩაუტარდება ექსპერტიზა”, – განაცხადა ვახტანგ რობაქიძემ.
ცნობისთვის, ანრი ოხანაშვილსა და ვახტანგ რობაქიძეს შორის ინციდენტი 14 იანვარს მოხდა. ანრი ოხანაშვილის განმარტებით, ბაკურიანში ერთ-ერთ რესტორანში ვახშმობის დროს ვახტანგ რობაქიძემ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მასსა და მის ოჯახის წევრებს დაემუქრა. ვახტანგ რობაქიძემ ახალციხის დროებითი მოთავსების იზოლატორი 7000-ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ დატოვა. რობაქიძე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მისივე განცხადების და მიმართვის საფუძველზე გუშინ დაიკითხა. მისი თქმით, დაკავებისას და იზოლატორში გადაყვანისას მისი უფლებები დაირღვა.