კახაბერ კუჭავა და ირაკლი ბერაია ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტს შეხვდნენ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ კუჭავა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტს, ჰაიდი ჰაუტალასს შეხვდნენ.
ქართველმა პარლამენტარებმა ევროპელ კოლეგას ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. საკონსტიტუციო და სასამართლო რეფორმები და ევროინტეგრაციის მიმართულებით მიღწეული პროგრესი ვრცლად მიმოიხილეს.
შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას, ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო დროს განვითარებულ პროცესებს, ოკუპირებულ ახალგორში გადასასვლელის ჩაკეტვით გამოწვეულ პრობლემებს და “ბორდერიზაციის” უკანონო პროცესს.
ქართველმა კანონმდებლებმა ხაზგასმით აღნიშნეს საერთაშორისო საზოგადოების, პირველყოვლისა ევროკავშირის მხრიდან, რუსეთზე ზეწოლის გაზრდის აუცილებლობა ამ უკანასკნელის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით. მათ შეხვედრისას, ევროპარლამენტის დღის წესრიგში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის მუდმივი შენარჩუნების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წარმომადგენლებმა, ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტს, ჰაიდი ჰაუტალასს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.