არჩილ თალაკვაძე რობაქიძის ბრალდებებზე: ასეთი მაღალი ინტერესის მქონე საქმეზე პატიმრობაში მყოფის უფლებებს ვინმე დაარღვევდა?!
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის შეურაცხყოფაში ბრალდებული ვახტანგ რობაქიძის ბრალდებებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
თალაკვაძის თქმით, რობაქიძის კონტრბრალდებები სამარცხვინოა.
“ვინმეს ოჯახის წევრებზე, შვილებზე და მეუღლეებზე შეურაცხყოფა ეს არის სამარცხვინო ფაქტი. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე სწორად მოიქცა, როცა კანონით გათვალისწინებული წესით იმოქმედა. რაც შეეხება ამ კონტრბრალდებებს, არის დაუჯერებელი და თქვენ გჯერათ, რომ ასეთი მაღალი ინტერესის მქონე საქმეზე, ვინმე დაარღვევდა პატიმრობაში მყოფი ადამიანის უფლებებს?! ის გირაოთი გათავისუფლდა და თუ, კიდევ რაიმე პრეტენზიები აქვს შეუძლია დასაბუთებულად მიმართოს შესაბამის უწყებებს,” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ცნობისთვის, ანრი ოხანაშვილსა და ვახტანგ რობაქიძეს შორის ინციდენტი 14 იანვარს მოხდა. ანრი ოხანაშვილის განმარტებით, ბაკურიანში ერთ-ერთ რესტორანში ვახშმობის დროს ვახტანგ რობაქიძემ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მასსა და მის ოჯახის წევრებს დაემუქრა. ვახტანგ რობაქიძემ ახალციხის დროებითი მოთავსების იზოლატორი 7000-ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ დატოვა.
რობაქიძე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მისივე განცხადების და მიმართვის საფუძველზე იკითხება. მისი თქმით, დაკავებისას და იზოლატორში გადაყვანისას მისი უფლებები დაირღვა.