გოგა ხაინდრავა: ლორა თორნტონის საქმიანობა მარგინალური პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერას ემსახურება, აღნიშნული საკითხი სერიოზულად უნდა დადგეს აშშ-ში
რეჟისორ გოგა ხაინდრავას განცხადებით, საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მყარი პარტნიორია და თანაც ეს არაერთხელ დაამტკიცა.
ხაინდრავას თქმით, ამ ფონზე აბსოლუტურად მიუღებელია ის, რაც „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) დაკვეთით ჩატარებულ კვლევაშია ასახული.
ხაინდრავა ამბობს, რომ ამერიკის „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა თორნტონი და მისი ჯგუფი, რომლებიც ძალიან სერიოზულ საერთაშორისო ინსტიტუტს წარმოადგენენ, წლების განმავლობაში ქართული საზოგადოების მიმართ შეურაცხმყოფელ ქმედებებს ახორციელებენ, მანიპულირებენ საზოგადოებრივი აზრით, რომელიც სიყალბეს ეყრდნობა.
ხაინდრავას შეფასებით, ლორა თორნტონის საქმიანობა დეგრადირებული და სრულიად მარგინალური პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერას ემსახურება.
„რეგიონში ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელიც აშშ-ისთვის მყარი პარტნიორია. ჩვენ ეს ათწლეულების განმავლობაში არაერთხელ დავამტკიცეთ. ამ ფონზე აბსოლუტურად შეუწყნარებელია, რისი მოწმენიც გავხდით ჩვენ გუშინ და ვართ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ქალბატონი ლორა თორნტონი და მისი ჯგუფი, რომელიც მოკალათებულნი არიან ძალიან სერიოზულ საერთაშორისო ინსტიტუტში, რომელსაც „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი” ჰქვია, წლების მანძილზე პრაქტიკულად შეურაცხმყოფელ მოქმედებას სჩადის ქართული საზოგადოების მიმართ, ქართული საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებს, რომელიც, როგორც წესი, დაყრდნობილია სიყალბეზე, არის ცალსახად პოლიტიკურად ანგაჟირებული, რადგან, რასაც ის ჩადის, არის ერთი დეგრადირებული და სრულიად მარგინალური პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერა”,- განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
ამასთან, ხაინდრავას თქმით, აღნიშნული მოქმედებები დიდ გავლენას ვერ ახდენს ქართულ საზოგადოებაზე, ვინაიდან მოქალაქეები გონიერებას იჩენენ, თუმცა საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნისთვის, „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” სერიოზული გავლენიდან გამომდინარე, საფრთხეს წარმოადგენს.
„შიდა მოხმარებისთვის, რა თქმა უნდა, მსგავსი მოქმედებები ჩვენთვის იმდენად სახიფათო არ არის, რადგან ქართული საზოგადოება ბევრად უფრო გონიერია, ვიდრე ქალბატონ თორნტონს ჰგონია. ჩვენთვის ეს საფრთხეს წარმოადგენს საერთაშორისო ასპარეზზე, რადგან „ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს” უსმენენ, „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” გავლენა საერთაშორისო ასპარეზზე ძალიან მაღალია”,- განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
ხაინდრავას განმარტებით, საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევა მიზანმიმართულად მიმდინარეობს.
„რასაც ჩვენ ვხედავთ, არის სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევა, მათი დისკრედიტაცია. ქალბატონ თორნტონს მივმართავ, ქართული საზოგადოება არ არის მხოლოდ ის პოლიტიკური წუმპე, რომელსაც ემსახურება. ქართული საზოგადოება ბევრად უფრო დიდი, ბევრად გონიერი და ბევრად სამართლიანია, ვიდრე წარმოუდგენიათ, ამიტომ ქართული საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება არ გამოუვათ. რასაც ესენი აკეთებენ, არის აბსოლუტური მარაზმი და ამას სერიოზული ყურადღება უნდა მიექცეს”,- განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
ხაინდრავა მიიჩნევს, რომ მსგავსი ქმედებები აშშ-საც აზიანებს, ვინაიდან საქართველო აშშ-ის მყარი პარტნიორია.
„რასაც გუშინ გავეცანით, ჩემი აზრით, ბოროტმოქმედებაა, რაც მიმართულია არა მარტო ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, არამედ აშშ-ის ინტერესების საწინააღმდეგოდ. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი – თურმე, ამ მარგინალების აზრით, 60 პროცენტი აცხადებს, რომ საქართველში არ არის დემოკრატია, იგივე „ენდიაის” კვლევების მიხედვით, 2012 წელს 50 პროცენტი ამბობდა, რომ საქართველოში დემოკრატიაა. 60 პროცენტი ამბობს, რომ საქართველო დღეს თურმე არასწორი მიმართულებით ვითარდება, მაშინ, როდესაც 60 პროცენტი 2012 წელს, სააკაშვილის დროს და 2008 წელს იძახდა, რომ სწორი მიმართულებით ვითარდება. ეს არის სრული უგუნურება, ფალსიფიცირება, სიყალბე, ქართული სახელმწიფოს და ქართველი ერის ეროვნულ საფუძვლებზე შეტევა. ქართული ეკლესიისადმი დამოკიდებულების 25-პროცენტიანი ვარდნა არის გაცხადებული კვლევაში, რაც წარმოგვიდგინეს. ეს არის სიცრუე, მიზანმიმართული ბრძოლა ზუსტად იმ ფასეულობების წინააღმდეგ, რომელზეც დგას ჩვენი ქვეყანა. გარდა ამისა, ჩემთვის გაუგებარია ციფრები, რასაც ვხედავთ. გრიგოლ ვაშაძის, ამ ჩეკისტის, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის თანამშრომლის პოპულარობა საქართველოში აღემატება ივანიშვილის, ზურაბიშვილის, თალაკვაძის პოპულარობას, პრაქტიკულად ყველა ინსტიტუტის – განათლების სამინისტროს, თავდაცვის, რაც ყველაზე შემაშფოთებელია”, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
ხაინდრავას თქმით, მისთვის გაუგებარია, რამ გამოიწვია ნეგატიური დამოკიდებულება საქართველოს შეიარაღებული ძალებისადმი, რომლებიც საერთაშორისო მისიებში უპრეცედენტო გმირობით გამოირჩევიან და ამას მთელი მსოფლიო აღნიშნავს.
„მაინტერესებს, რამ განაპირობა საქართველოს ჯარისადმი ნეგატიური დამოკიდებულება, იქნებ ამიხსნას ქალბატონმა ლორა თორნტონმა, რამ განაპირობა საქართველოს ჯარისადმი, საქართველოს სამხედროებისადმი ასეთი დამოკიდებულება, რომლებიც, ჩემი აზრით, უპრეცედენტო გმირობით გამოირჩევიან საერთაშორისო მისიებში, რაზეც მთელი მსოფლიო ლაპარაკობს”,- განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
ხაინდრავამ ლორა თორნტონი „ნაციონალური მოძრაობის” თანამებრძოლად მოიხსენია.
„ლორა თორტონი გახდა „ნაციონალური მოძრაობის” თანამებრძოლი. ის პრაქტიკულად თავისი საქმიანობით საქართველოში გადატრიალების წინაპირობას ქმნის. ეს არავითარ შემთხვევაში არ მოხდება, რადგან ამის ნათელი მაგალითია ქართული საზოგადოების დამოკიდებულება ამ მარგინალური სექტის მიმართ. ჩვენ კარგად ვხედავდით და ვუყურებდით იმ დაანონსებულ აქციებს, მრავალრიცხოვან აქციებს, სადაც ერთი და იგივე 100 კაცი დადის იქით-აქეთ, როგორც წესი, მათი შვილები, აქტივისტები და ა.შ. რამდენიც უნდა ეცადოს პოლიტიკურად ანგაჟირებული ქალბატონი თორნტონი, რომ „ნაციონალურ მოძრაობას” სახელმწიფოზე თავდასხმის პლაცდარმი შეუქმნას, ის ამას ვერ მიაღწევს”,- აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.
გოგა ხაინდრავამ საქართველოს ხელისუფლებას მიმართა, აღნიშნული საკითხი ძალიან სერიოზულად დააყენონ აშშ-ში.
„მინდა, მივმართო საქართველოს ხელისუფლებას, მმართველ პარტიასა და იმ ადამიანებს, ვისაც ეს ეხებათ, აღნიშნული საკითხი ძალიან სერიოზულად უნდა დადგეს აშშ-ში”,- განაცხადა გოგა ხაინდრავამ.