ამირან სალუქვაძე: ბჟანია არ საუბრობს იმ პოზიციიდან, რაც ჩვენთვის იქნება მისაღები, ის საუბრობს თანასწორუფლებიან დიალოგზე
ასლან ბჟანია არ საუბრობს იმ პოზიციიდან, რაც ჩვენთვის იქნება მისაღები, ის საუბრობს თანასწორუფლებიან დიალოგზე, – ამის შესახებ ბრიგადის გენერლმა, ანალიტიკოსმა სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში, ამირან სალუქვაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სალუქვაძე ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის ასლან ბჟანიას ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც ბჟანიამ ქართულ მხარესთან დიალოგის საჭიროების შესახებ ისაუბრა.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველაფერი, რაც ხდება ჩვენს ოკუპრიებულ რეგიონებში. პირადად მე, რაღაც სერიოზული მოლოდინები ამ განცხადებებთან დაკავშირებით არ მექნება. თავად ბჟანიას ინტერვიუც ჟარგონით რომ ვთქვთ, გაქცეული ინტერვიუ იყო, 7 წუთი მაქვს დროო და სწრაფად-სწრაფად იყო ნალაპარაკები. რა შეკითხვებიც დაუსვა ჟურნალისტმა, იმ კითხვებზე გასცა პასუხი. ის არ საუბრობს იმ პოზიციიდან, ჩვენთვის რაც იქნება მისაღები. ის საუბრობს თანასწორუფლებიან დიალოგზე. ეშმაკი წვრილმანებშია დამალული. რა თქმა უნდა, დიალოგთან დაკავშირებით ის არ იტყოდა, რომ წინააღმდეგია, საქართველოსთან აწარმოოს დიალოგი. შამბას აქტივობები უფრო საინტერსოა, რომელიც ბოლო პერიოდში უკვე მეორედ აჟღერებს დიალოგის აუცილებლობას. საინტერესოა იმ კუთხით, თუ მას რა ამოძრავებს , უბრალოდ ცდილობს, რომ გარკვეული ელექტორალური ხმები მოიპოვოს ამ თემაზე აფხაზეთში, თუ სხვა ინტერესებია? თუ პირველია, ე.ი. რაღაც ალბათობით არსებობს აფხაზურ საზოგადოებაში განწყობები იმისა, რომ თბილისსა და სოხუმს შორის, ცენტრასა და რეგიონს შორის დაიწყოს ურთიერთობების დათბობა. ბჟანიას რაც ეხება, კითხვა იყო დასმული და რაიმე ისეთი, რაც მას აფხაზური პოზიციიდან დააზიანებს, არაფერი უთქვამს, შარსაც კი ვერ მოსდებენ იქაური ნაციონალსიტები ამ ინტერვიუსთვის. ამიტომ ზედმეტ აჟიოტაჟს არ ავტეხდი. ამის მიუხედავად, ჩვენ აქტიურები უნდა ვიყოთ. ჩვენს გასაკეთებელს აფხაზეთში არავინ გააკეთებს .
თუ მოხერხდება, ორ კონფლიქტურე მხარეს, ცენტრსა და რეგიონს შორის რაღაც კომუნიკაციები იყოს, ეს რა თქმა უნდა, ყოველთვის მისასალმებელია“- განაცხადა სალუქვაძემ.
ასლან ბჟანიამ ინტერვიუ სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ მისცა.
„დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, მან დადებითი შედეგი მოგვცეს.
ჩემი აზრით, მნიშვნელობა არ აქვს ამ დიალოგში რამდენი მხარე მიიღებს მონაწილეობას. ამ თემაზე მე მაქვს ჩემი საკუთარი მოსაზრება და მზად ვარ იგი გავახმოვანო ნებისმიერ აუდიტორიაში – თუ საერთოდ, ჩემს აზრს ექნება რაიმე მნიშვნელობა.
ამიტომ ვამბობ, – არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ დიალოგში რამდენი მხარე იქნება ჩართული. მთავარია, ამ პროცესში ჩართული იყვნენ ადამიანები, რომლებსაც სურთ პროცესის ადამიანურ და მშვიდობიან ჩარჩოებში მოქცევა”- განაცხადა ბჟანიამ.
დიალოგის აუცილებლობაზე რამდენიმე დღის წინ დე ფაქტო აფხაზეთის ოპოზიციის წარმომადგენელმა, სერგეი შამბამაც ისაუბრა.
სერგეი შამბამ „მთავარ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართულ მხარესთან ნორმალური ურთიერთობების დამყარებაა საჭირო.
„ჩვენ გვჭირდება დიალოგი, რათა ნორმალური ურთიერთობები დავამყაროთ. მე ამის მომხრე ვარ და ვეწინააღმდეგები დღევანდელის მსგავსი კონფრონტაციის გაგრძელებას“, – განაცხადა შამბამ.
თამუნა შეყილაძე