“ტროლებისა და ბოტების გავლენა საზოგადოებრივ აზრზე” – სამართლებრივი სისტემის კვლევითმა ცენტრმა პრეზენტაცია გამართა

სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითმა ცენტრის ხელმძღვანელმა, გიორგი გაბოძემ სასტუმრო “იოტაში” გამართა პრეზენტაცია თემაზე: ტროლებისა და ბოტების გავლენა საზოგადოებრივ აზრზე.

პრეზენტაციის მიზანი საზოგადოებისთვის ტროლებისა და ბოტების მოქმედებების თავისებურებების ახსნა იყო, ასევე, იმის გაგება, თუ ვინ და რატომ იყენებს სხვადასხვა სოციალურ ქსელში ტროლებსა და ბოტებს და რა ზეგავლენას ახდენს აღნიშნული ქმედებები საზოგადოებრივ აზრზე.

“სახელმწიფომ უნდა მიიღოს ქმედითი ნაბიჯები, რომ ყველა ტროლი და ბოტი იყოს იდენტიფიცირებული. საჭიროა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში ცვლილებები, რაც რთულია, მაგრამ მოქალაქეებს დაცვა სჭირდებათ. სახელმწიფო მათ უნდა დაუდგეს გვერდით და როდესაც ადამიანს შეურაცხყოფას აყენებენ, ეს პირები იდენტიფიცირებულნი უნდა იყვნენ. სახელმწიფო გაცილებით მკაცრი უნდა იყოს. საუბარი არაა სისხლისსამართლებრივ დასჯაზე, არამედ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს ადამიანის მიმართ, რომელიც საზოგადოებაზე ყალბი აზრით მოქმედებს.

სწორედ იმიტომაა ცვლილებები საჭირო, რომ დღეს ადამიანი სასამართლოს ვერ მიმართავს თუ არ იცის მისთვის შეურაცხყოფის მიმყენებელი პირის სახელი, გვარი, მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია, თუ ვის უჩივის. კანონი უნდა იძლეოდეს იდენტიფიცირების საშუალებას, რასაც რეკომენდაციას ევროკავშირი და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც უწევს,”- განაცხადა გიორგი გაბოძემ.

მან ასევე ყალბ სააგენტოებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათაც ასევე ადმინიტრაციული სახის სასჯელი უნდა დაეკისროთ.

სამართლებრივი სისტემის განვითარების კვლევითი ცენტრმა ტროლებისა და ბოტების გავლენაზე ამერიკის შეერთებული შტატების 2016 წლის არჩევნები და ბრექსითის მაგალითი განიხილა, რითაც აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ცნობილი პრაქტიკაა.

ორგანიზაციის კვლევაში ასევე წარმოდგენილია ტროლებისა და ბოტების კონკრეტული გვერდები, მაგალითად: “ქოცების დასაცინი ოფიციალური სააგენტო”, “ქოციონალი”, “მიხეილ უკრაინოლოგი”, “ნაცების დასაცინი ოფიციალური სააგენტო”, “ტერენტი გლდანელი” და ა.შ.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები