ერეკლე II-ის 300 წლის იუბილეს ეროვნული არქივი მრავალფეროვანი ღონისძიებებით ხვდება

2020 წელს მეფე ერეკლე მეორის დაბადებიდან 300 წელი შესრულდა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი ამ თარიღს მრავალფეროვანი ღონისძიებებით ხვდება.
საქართველოს ეროვნულ არქივში მეფე ერეკლე მეორის მიერ გაცემული 1800-ზე მეტი ისტორიული საბუთი ინახება. ეს დოკუმენტები საქართველოს ისტორიაში ერთი-ერთი გამორჩეული მეფის მოღვაწეობის შესახებ მრავალ საინტერესო ცნობას გვაწვდის. საბუთებს შორისაა საქმიანი და პირადი წერილები, წყალობისა და შეწირულების სიგელები, განაჩენები, სახელმწიფოს პოლიტიკურ, სამხედრო, საზოგადოებრივ ცხოვრებასთან დაკავშირებული დოკუმენტები.
ისტორიულ საბუთებთან ერთად ეროვნული არქივის ფონდებშია ერეკლე მეფესთან დაკავშირებული ხელნაწერები, მისი სტამბის გამოცემები, სხვა საარქივო დოკუმენტები.
2020 წელს ეროვნული არქივი გეგმავს საიუბილეო გამოფენების გამართვას თბილისში და თელავის ისტორიულ მუზეუმში.
ამასთან, იგეგმება 2008 წელს ეროვნული არქივის მიერ გამოცემული წიგნის „ერეკლე II-ის საბუთები“ განახლებული და შევსებული ვერსიის გამოქვეყნება, სადაც ეროვნულ არქივში დაცულ დოკუმენტებთან ერთად შევა სხვადასხვა აკადემიურ დაწესებულებაში დაცული ისტორიული საბუთები. ასევე გამოიცემა ალბომი „ერეკლე მეორე“, რომელიც დღემდე მოღწეულ, მეფესთან დაკავშირებულ წერილობით წყაროებსა და მემორიალურ ნივთებს გააერთიანებს.
ქართველი მეფის ცხოვრებისა და მოღვაწეობის საკითხზე ახალი სამეცნიერო კვლევები იქნება წარმოდგენილი საქართველოს ეროვნული არქივის მე-5 საერთაშორისო კონფერენციის „არქივმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა, ტენდენციები და გამოწვევები“, სპეციალური სექციაზე, აგრეთვე საგანგებო სამეცნიერო სესიაზე.
საიუბილეო წელს დაგეგმილია ერეკლე მეორის მიერ გაცემული დოკუმენტების ელექტრონული კატალოგის მომზადება და წარდგენა; საჯარო ლექციები, ფეისბუქაქტივობები და საიმიჯო პროდუქციის დამზადება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები