ისრაელში, ბეერ-შევის ქართველ ებრაელთა სალოცავში, წიგნის – „ებრაული სიბრძნის წყაროს“ წარდგენა გაიმართა
ისრაელში, ქალაქ ბეერ-შევის ქართველ ებრაელთა სალოცავში, წიგნის – „ებრაული სიბრძნის წყაროს“ წარდგენა გაიმართა.
პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორია დოქტორი, პროფესორი შალვა წიწუაშვილი; გამოცემის ორგანიზატორები იყვნენ: ისრაელში საქართველოს ებრაელობის კვლევის ცენტრი, სსიპ დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის თეოლოგიისა და რელიგიის ისტორიის შემსწავლელი კომისია.
საღამოს უძღვებოდნენ – სინაგოგის გაბაი შოთა ჩაჩაშვილი და ბერშევის ქართულ-ებრაული მეგობრობის საზოგადოების თავმჯდომარე გურამ მელიქიძე.
შალვა წიწუაშვილმა ვრცლად ისაუბრა წიგნში შესული ლიტერატურული მასალისა და წიგნის დიდმნიშვნელოვნებაზე ქართულენოვანი მკითხველისა და, საერთოდ, ქართული კულტურისათვის. გამომსვლელებმა: პროფესორმა გივი ღამბაშიძემ, ისრაელის ახლად დაარსებული მემარჯვენე პოლიტიკური პარტიის „ჰახაზონის“ ლიდერმა სიონ ალონმა (ელიაშვილი) და პოეტმა მარინე კოშკაძე-ღამბაშიძემ ისაუბრეს გამოცემული წიგნის მხატვრულ-ლიტერატურულ ღირსებასა და მისი ფართოდ გავრცელების აუცილებლობაზე.
მარინე კოშკაძე-ღამბაშიძემ ქართულ-ებრაული ისტორიული ურთიერთობებისადმი მიძღვნილი საკუთარი ლექსები წაიკითხა.