„განსაკუთრებით მინდა მივულოცო ეს დღე – სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობისა და ივანე მაჩაბლის სახელობის ცხინვალის თეატრებს“…
14 იანვარს, ქართული თეატრის დღეს ფეისბუქზე ეხმაურება ცხინვალელი შემოქმედი, მთარგმნელი ირინე გოჩაშვილი.
„მთელ საქართველოს ვულოცავ ძველით ახალ წელს და ვუსურვებ მართლა დამოუკიდებლობას, მართლა დემოკრატიული ქვეყნის სახელის მოპოვებას და მართლა თითოეული მოქალაქის უფლების მიმართ პატივისცემას! გარდა იმისა, რომ დღეს არის ქართული დროშის დღე, ამავე დროს ეს დღე, კარგა ხანია, გამოცხადებულია ქართული თეატრის დღედ.
ვულოცავ ყველა თეატრს და გულმხურვალე მაყურებელს! განსაკუთრებით მინდა მივულოცო ეს დღე სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის და ივანე მაჩაბლის სახელობის ცხინვალის თეატრებს, რადგან მათ, სამწუხაროდ, დევნილის სტატუსით უწევთ მოღვაწეობა. მეტ-ნაკლებად უკეთესი მდგომარეობაა სოხუმის თეატრში, რადგან მას გააჩნია საკუთარი შენობა. ამ მხრივ კვლავ სავალალო მდგომარეობა აქვს ცხინვალის თეატრს, რომელსაც ახლახან შენობა გამოუყვეს, მაგრამ მის მოწესრიგებას და თეატრისთვის საჭირო პირობების შექმნას დიდი დრო სჭირდება.
30 წელი ეს თეატრი მომთაბარე ცხოვრებას ეწევა. ვინც არ იცის, შევახსენებ, რომ ოფიციალურად ეს თეატრი თითქმის 150 წლისაა, არაოფიციალურად იგი სათავეს იღებს ერეკლე მეფის კარზე არსებული მაჩაბლის დასიდან და ეს დასი უკლებლივ შეეწირა კრწანისთან თბილისისთვის დაცვის ბრძოლას. ივ. მაჩაბლის სახ. თეატრის წინაპრები სწორედ ის გმირები არიან!
მოვუწოდებ საქართველოს მოსახლეობას, ვისაც უყვარს თეატრი და გაცნობიერებული აქვს მისი როლი ჩვენი ფსიქოლოგიის ჩამოყალიბებაში, დაესწროს ამ თეატრის სპექტაკლებს, რომლებიც დროდადრო იმართება რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში.
როგორც კრწანისის ველზე, ამ თეატრის დასი და მისი სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი ბატონი გოჩა კაპანაძე და თეატრის უცვლელი დირექტორი, სამაჩაბლოელი, ბატონი ზაზა თედიაშვილი ისე იბრძვიან ამ ისტორიული მნიშვნელობის თეატრის შესანარჩუნებლად.
საქართველოს შეუძლია იამაყოს თავისი მსახიობებით, რომლებიც ჯერ კიდევ ცოცხლები არიან და კვლავ თეატრისადმი ფანატიკური სიყვარულით იბრძვიან. გავუფრთხილდეთ მათ!“ – წერს ირინე გოჩაშვილი.