რას აუკრძალავს მთავრობა მაღალჩინოსნებს?

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს ხელისუფლებას საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაში ადანაშაულებს. როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა შტო ძვირად ღირებული ავტომობილების შეძენას აგრძელებს და საკუთარი კომფორტის შექმნით არის დაკავებული. „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, თანამდებობის პირთა მანქანების შესაძენად ბიუჯეტიდან ათობით მილიონი ლარი იხარჯება. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ამ პრობლემას საქართველოს პრემიერ- მინისტრი შეეხო. ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მიერ საჯარო უწყებებისთვის ახალი სტანდარტების დაწესებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, მოხდება ზუსტი დეფინიცია, თუ რომელი თანამდებობის პირმა როგორი ავტომობილით უნდა ისარგებლოს. ღარიბაშვილის განცხადებით, წინა ხელისუფლებამ მოშალა და მოარღვია ყველანაირი სტანდარტი, რის გამოც ქაოსურად ხდებოდა ძვირად ღირებული მანქანების შეძენა არა მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირებისთვის, არამედ ჩვეულებრივი, საშუალო და დაბალი რგოლის თანამშრომლებისთვის. „სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს იყო ძვირად ღირებული მანქანების შეძენის მანკიერი ტრადიცია, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდებოდა და დამკვიდრებული იყო წინა ხელისუფლების დროს. მათ მოშალეს და მოარღვიეს ყველანაირი სტანდარტი. პირველი, რაც მე მინისტრად დანიშვნის დროს გავაკეთე, იყო ის, რომ ფინანსთა სამინისტროს ძვირად ღირებული, არაეკონომიური და ხარჯიანი მანქანები გასასხვისებლად გადავეცი. ბიძინა ივანიშვილის დავალებით, საქართველოს მთავრობის კანცელარიამ დაამუშავა ახალი სტანდარტები, რომლის მიხედვითაც უნდა იხელმძღვანელონ საჯარო მოხელეებმა. ეს შეეხება ყველა უწყებას. იქნება ზუსტი დეფინიცია, თუ რომელი თანამდებობის პირმა როგორი ავტომობილით უნდა ისარგებლოს. აღარ მოხდება ქაოსურად შეძენა და არ აღმოჩნდება კონკრეტული პირი თუ ხელისუფლება უხერხულ მდგომარეობაში. სტანდარტების შემუშავებისას გაზიარებული იქნა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა და საბოლოოდ დამუშავებული ვარიანტი საზოგადოებას უახლოეს დღეებში წარედგინება“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები