“ბასიანზე” მომხდარი დაპირისპირებისას დაშავებულები საავადმყოფოდან გაწერეს
“ბასიანზე” მომხდარი ინციდენტისას კლუბის დაზარალებული თანამშრომლები თ.ა. და ბ. ჭ. სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გაეწერნენ. ისინი სამართალდამცველებმა საავადმყოფოში დაკითხეს. დაიკითხა დაზარალებულების მკურნალი ექიმი ნიკოლოზ ლომინაშვილიც, რომელმაც ჟურნალისტებთან კითხვების შინაარსზეც ისაუბრა.
“დღეის მდგომარეობით, ორივე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჩაუტარდათ ჭრილობის შეხვევები და გაეწერნენ უკვე ბინაზე. კითხვები იყო, რა სახის ჭრილობები ჰქონდათ, სად ჰქონდათ უშუალოდ, რამდენი იყო უცხო სხეული, რაც ამოვიღეთ ჭრილობიდან. ერთი და იგივე სახის ტყვია იყო ორივესთან,”- განაცხადა ნიკოლოზ ლომინაშვილმა.
დაზარალებულებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
შეგახსენებთ, “ბასიანზე” დაპირისპირება 2 დღის წინ მოხდა. ბ. ჩ.-მა ცეცხლსასროლი იარაღიდან 18-ჯერ გაისროლა, თუმცა აღნიშნულ ვითარებას წინ უძღოდა უშუალოდ “ბასიანის” შიგნით მომხდარი ფაქტი, სადაც ბ. ჩ. დიჯეის დაუპირისპირდა. ბ. ჩ. დაპირისპირების შემდეგ დაცვის წევრებმა გარეთ გამოიყვანეს, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ კვლავ დაბრუნდა უკან და იარაღიდან 18-ჯერ გაისროლა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა-ტარებას გულისხმობს”.