ნათია თურნავა: ფრენების საერთაშორისო ნორმების დანერგვის გაგრძელება საქართველოს ავიაბაზარზე უფრო მეტ წარმატებულ საერთაშორისო ავიაკომპანიას მოიზიდავს

“ფრენების უსაფრთხოებისა და უშიშროების საერთაშორისო სტანდარტების დაცვის მხრივ საქართველოს სამოქალაქო ავიაცია რეგიონში პირველია, ხოლო ევროპაში საუკეთესო ქვეყნების ათეულში შედის”, – განაცხადა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა ლევან კარანაძემ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართულ 2019 წლის შედეგებისა და 2020 წლის სამომავლო პროექტების განხილვაზე, რომელსაც მინისტრი ნათია თურნავა ხელმძღვანელობდა. პრეზენტაციას მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილიც ესწრებოდა.
ლევან კარანაძის განცხადებით, 2019 წლის ბოლოს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ბაზარზე 32 სამგზავრო, მათ შორის, 30 უცხოური და 3 სატვირთო ავიაკომპანია იყო წარმოდგენილი. ამავე პერიოდში, საქართველოდან სრულდებოდა ფრენები მსოფლიოს 36 ქვეყანაში 74 საერთაშორისო მიმართულებით, მათ შორის, ევროპის 20 ქვეყანაში, ხოლო ყოველკვირეულად საშუალოდ 340 რეისი ხორციელდებოდა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ასევე წარადგინა საქართველოს აეროპორტების მიერ გადაყვანილ მგზავრთა პოზიტიური დინამიკა, რომელიც ზრდადია და 2019 წელს, რუსეთიდან ავიაფრენების შეჩერების მიუხედავად, საქართველოს აეროპორტებში იმაზე მეტ მგზავრს მოემსახურნენ, ვიდრე 2018 წელს. ლევან კარანაძის განცხადებით, ზრდამ 3,5 პროცენტი შეადგინა. 2019 წლის შედეგების მიხედვით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის ზრდამ 41 პროცენტზე მეტი, ხოლო ბათუმში – 4 პროცენტი შეადგინა.
​სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის განცხადებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა ფრენების უსაფრთხოებისა და ზედამხედველობის ხარისხი. მისი თქმით, ბოლო წლებში მსოფლოს საავიაციო უსაფრთხოების ზედამხედველობის მაჩვენებლების მიმართ საქართველოს შესაბამისობის ხარისხი მნიშვნელოვნად (32 პროცენტიდან 88 პროცენტამდე) გაუმჯობესდა. ფრენების უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების ზედამხედველობის კუთხით გატარებული მნიშვნელოვანი რეფორმებისა და მიღწეული მაღალი შედეგებისთვის, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ICAO-ს (სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია) საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური სერტიფიკატებით დაჯილდოვდა.
​ლევან კარანაძის განცხადებით, რეფორმები საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სექტორში გაგრძელდება, მათ შორის, სააგენტო გეგმავს საქართველოს აეროპორტებში უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდებისათვის ხმაურის მოთხოვნების დანერგვას. წესის მიზანია საქართველოს აეროპორტებში საჰაერო ხომალდების ექსპლუატირების დროს ხომალდის მიერ წარმოქმნილი ხმაურის მინიმუმამდე შემცირება. ასევე შესაბამისი ევროპული რეგულაციის შესაბამისად, იგეგმება საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეთა სერტიფიცირების წესის მიღება, რაც უზრუნველყოფს ქართული მოწმობების სრულ შესატყვისობას ევროკავშირის სტანდარტებთან. დადგინდება ახალი მოთხოვნები როგორც მეთვალყურის კვალიფიკაციის, ისე მათი სამუშაო პროცესის მიმართ.„სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხო და გამართული მუშაობა უმნიშვნელოვანესია ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის, პირველ რიგში კი, ტურიზმის წარმატებული ფუნქციონირებისთვის. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს რეფორმებს, რომლებიც ამ მიმართულებით მიმდინარეობს. ფრენების საერთაშორისო ნორმების დანერგვის პროცესის გაგრძელება საქართველოს ავიაბაზარზე უფრო მეტ წარმატებულ საერთაშორისო ავიაკომპანიას მოიზიდავს, რაც თავის მხრივ, აისახება ფრენების გეოგრაფიის გაზრდილ დინამიკაში. ჩვენი მიზანია, საქართველოს გავხადოთ ტრანზიტული ქვეყანა სამოქალაქო ავიაციის სექტორშიც, რისი პოტენციალიც ძალიან მაღალია. ასევე მიგვაჩნია, რომ გვაქვს კარგი შესაძლებლობა, გავზარდოთ კარგო გადაზიდვების მაჩვენებლებიც, რის შესახებაც არსებობს მოთხოვნა როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. მისი განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია ეფექტიან გადაწყვეტილებებს იღებს ქვეყანაში მცირე ავიაციის და მცირე აეროდრომების ქსელის განვითარებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები