საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტს სამძიმრის წერილი გაუგზავნა
საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა.
„მინდა, უდიდესი მწუხარება გამოვხატო იმ ტრაგედიის გამო, რომელიც ამ დღეებში დაატყდა თავს თქვენს ქვეყანას. დღეს ყველა ერთად ვგლოვობთ ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულ ადამიანებს. მე და ქართველი ხალხი მთლიანად ვიზიარებთ ამ ტკივილს. ახლა მთელი გულითა და გონებით ვდგავართ დაღუპულთა ოჯახების გვერდით და თანაგრძნობას ვუცხადებთ მათ აუნაზღაურებელი დანაკლისის გამო. გისურვებთ გამძლეობასა და განსაცდელთან ღირსეულად გამკლავებას“,- აღნიშნულია წერილში.
პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის სამძიმრის წერილი უკრაინის ელჩს, საქართველოში იგორ დოლგოვს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია სულავამ გადასცა და თავადაც გააკეთა ჩანაწერი თბილისში უკრაინის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში.