ნიუ-იორკში ქართველი მხატვარი გულიკო წიკლაური გარდაიცვალა

ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკა ფეისბუქის გვერდზე ემიგრანტი მხატვრის,  გულიკო წიკლაურის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
„ნიუ-იორკში, მშობლიურ ფესვებს ოცწლიანი განშორების შემდეგ, მოულოდნელად გარდაიცვალა ქართველი მხატვარი, საჯარო ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი, გულნარა წიკლაური.
ყველაზე დიდი აუხდენელი ოცნება, რომელიც ნიჭიერმა ხელოვანმა თან წაიღო, სამშობლოში გამოფენის მოწყობა და მონატრებულ თანაქალაქელებთან შეხვედრა იყო“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
გულიკო წიკლაურის გარდაცვალების შესახებ ჟურნალისტმა ნანული ცხვედიანმაც გაავრცელა ინფორმაცია.
„მოულოდნელად წავიდა ჩვენი გულიკო – უნიჭიერესი შემოქმედი, რომელსაც 20 წლის წინათ დატოვებულ სამშობლოზე ფიქრი არასდროს შეუწყვეტია. ფეისბუქზე მისი სტატუსები მუდამ გამოხატავდა შორს დარჩენილი ქვეყნის, ქართული საზოგადოებისადმი გულნარა წიკლაურის მგრძნობიარე და არაორდინარულ დამოკიდებულებას. ზოგჯერ ხისტად და მკაცრად, ზოგჯერ – გულისტკივილით და სევდით, ზოგჯერ – სიხარულით და მონატრებით, მაგრამ ყოველთვის – უდიდესი სიყვარულით, ის მუდამ იყო თავის მშობლიურ ქალაქში, თავის ქვეყანაში და გულწრფელად გამოხატავდა მოქალაქეობრივ სათქმელს.
მის ტილოებს ამერიკაში დიდი აღიარება ჰქონდა, მის გამოფენებს არ აკლდა პროფესიონალთა უმაღლესი შეფასებები, ნაკლებად იცნობდა მხოლოდ სამშობლო. ვერ მოასწრო გულიკომ ქუთაისში დაბრუნება, ახალ ბინაში შესახლება, მშობლიურ ფესვებთან მიახლება… აღარ დადგა მისი „ხვალ“, აღარ გამოჩნდა მისი „შინ“… – წერს ნანული ცხვედიანი.

ნანული ცხვედიანის ინფორმაციითვე, გილიკო წიკლაური ნიუ-იორკში, საკუთარ სახლში, სავარაუდოდ, ინფარქტით და ინსულტით გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები