ირაკლი ბერაია: ყველანაირი ე.წ. არჩევნები, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტარდება, არის უკანონო

ყველანაირი ე.წ. არჩევნები, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტარდება, არის უკანონო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ბერაიამ ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ირაკლი ბერაიამ აღნიშნა, მიმდინარე პროცესები კიდევ ერთხელ ადასტურებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგის საერთაშორისო მექანიზმების დაშვების აუცილებლობას.

„აფხაზეთის მიმდინარე ე.წ. პოლიტიკურ პროცესებზე არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან ყველანაირი ე.წ. არჩევნები, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტარდება, არის უკანონო. მას არ აღიარებს საერთაშორისო საზოგადოება, არ აქვს და არც შეიძლება, ჰქონდეს ლეგიტიმაცია. რაც შეეხება იქ მიმდინარე მოვლენებს, საზოგადოებაში არსებულ დაძაბულობას, ეს არის პირდაპირი პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალის, ისევე, როგორც ყველა სხვა უკანონობა, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობასთან აქცია გუშინ დილიდან მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეების ნაწილი ე.წ. ადმინისტრაციაში შეიჭრა. სოციალურ ქსელში შეჭრის კადრებიც გავრცელდა.

აქციის მონაწილეები უკანონოდ ცნობენ არჩევნების შედეგებს, რომელშიც, ოკუპირებული აფხაზეთის „ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ მონაცემებით, რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა.

ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მიიღო დოკუმენტი, რომელიც რაულ ხაჯიმბას გადადგომისკენ მოუწოდებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები