ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე ინტერესის გამოხატვა რამდენიმე თვეში გამოცხადდება
ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე ინტერესების გამოხატვა რამდენიმე თვეში გამოცხადდება. ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ცქითიშვილი განმარტავს, მთავრობას ჯერ -ჯერობით ალტერნატიული ინვესტორების მოძიება არ დაუწყია. ცქიტიშვილის თქმით, უმჯობესი იქნება თუ მომავალი ინვესტორი ამერიკიდან და ზოგადად დასავლეთიდან იქნება.
„ჩვენთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო დასავლური და ამერიკელი ინვესტორის ყოლა. ჩვენთვის პირველ რიგში, სასურველი იქნებოდა ამერიკელი, ან დასავლელი ინვესტორი ამ პროექტში. ჩვენთვის ვერ იქნება მიღებული ისეთი ინვესტორი, რომელიც შეუთავსებელი იქნება ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებთან, რადგან პორტს აქვს არა მხოლოდ სტრატეგიული, არამედ უსაფრთხოების დანიშნულება”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ხელშეკრულება შეუწყვიტა. როგორც დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ითქვა და რეგიონული განვითარების სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული,„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ვერ შეასრულა საინვესტიციო ხელშეკრულების 7 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება. მათ შორის, ვერ მოიზიდა 120 მილიონი აშშ დოლარი საკუთარი კაპიტალის შესავსებად, ვერ წარმოადგინა ხელშეკრულებები 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხის გამოყოფის თაობაზე საერთაშორისო ბანკებთან, პირველი ფაზის ტერმინალის ოპერატორთან და პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოების კონტრაქტორთან, რითაც მთავრობას წარმოეშვა ხელშეკრულების მოშლის სრული და უპირობო უფლება.