ახალციხეში ალილოს მსვლელობა გაიმართა

ახალციხეში, ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ტრადიციული საშობაო ალილო გაიმართა. სასულიერო პირებმა, სტიქაროსნებთან და მრევლთან ერთად, საზეიმო მსვლელობა თამარაშვილის ქუჩიდან დაიწყეს და ქალაქის ცენტრალური ქუჩები მოიარეს.

მათ ადგილობრივები ტკბილეულითა და საახალწლო ნობათით გაუმასპინძლდნენ.

ალილოს ქალაქის ცენტრალურ პარკში ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე და ადიგენისა და ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე, შეუერთდნენ. მათ მსვლელობის მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს და ქრისტეშობის დღესასწაული მიულოცეს.

შემოწირული ტკბილეული და საჩუქრები შეჭირვებულ ოჯახებსა და ნინოწმინდის მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარს გადაეცემა.

საქართველოში ალილოს ტრადიცია V-VI საუკუნიდან იღებს სათავეს, იგი ყოველწლიურად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, შობის დღესასწაულზე იმართება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები