მეუფე ანდრია: მე ველოდებოდი, რომ პრეზიდენტი დეკანოზ მამალაძეს შეიწყალებდა
გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ, საშობაო ალილოს სადღესასწაულო მსვლელობაზე, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბაშვილის მიერ, დეკანოზი გიორგი მამალაძის არ შეწყალების საკითხზე კომენტარი გააკეთა.
მეუფე ანდრიას განცხადებით, ის იმედოვნებდა, რომ პრეზიდენტი დეკანოზს შეიწყალებდა.
“წმინდა სინოდმა მიმართა პრეზიდენტს დეკანოზ მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით და პირველი ინიციატორი იყო თავად უწმინდესი და უნეტარესი. სიმართლე რომ გითხრათ, პირადად მე ველოდებოდი, რომ მოხდებოდა შეწყალება. პრეზიდენტის კომპეტენციაში ვერ ჩავერევი და კომენტარსაც ვერ გავაკეთებ იმ არგუმენტებზე, რომელიც მან გააჟღერა. საუბარი რომ მქონოდა და მეკითხა მისთვის, მაშინ შემეძლებოდა საუბარი , ახლა მხოლოდ ჩემს აზრს გამოვთქვამ. ამის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი და გამოთქმული აზრები მეჩვენება ზოგიერთი ადამიანის ტვინის ნაჟურად. არ მიკვირს ოჯახისგან , რადგან მათ გული დასწყდათ და იმედები გაუცრუვდათ. მე მჯერა, რომ მომავალ ქრისტეს შობას მამა გიორგი შეხვდება თავის ოჯახთან ერთად,“- განაცხადა მეუფე ანდრიამ( გვაზავა).
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა.
გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით პრეზიდენტს წმიდა სინოდმა ნოემბერში მიმართა.
დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ პატრიარქის მდივან-რეფერანტი შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებაში დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო. მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.