მეუფე გრიგოლ ბერბიჭაშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე: საერთოდ, გადაჭარბებული მოლოდინები იმედგაცრუებას ბადებს

მოხდა ის, რაც მოხდა, საერთოდ, გადაჭარბებული მოლოდინები იმედგაცრუებას ბადებს, – ასე შეაფასა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლ ბერბიჭაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება ჟურნალისტებთან საუბრისას, რომელმაც ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის შეწყალებაზე უარი თქვა.

მეუფე გრიგოლის თქმით, იმედგაცრუებას ზიანის მეტი არაფერი მოაქვს, არც თვითონ ადამიანისთვის და არც საზოგადოებისთვის.

„რა თქმა უნდა, საშობაო ეპისტოლეში, ჩვენს გზავნილში შევეხეთ იმ მტკივნეულ საკითხებს, რომელიც არსებობს და იმედი მაქვს, ნებისმიერ შემთხვევაში გარკვეული გამოხმაურება ადამიანის გულში ექნება ჩემს გულისტკივილს, ჩემს ნათქვამს, რადგან ჩვენი ცხოვრება დიდი საზრისის მქონეა. თუ ამ მნიშვნელოვან საკითხებს, რაც ჩვენი ცხოვრების განმავლობაში გარკვეულწილად ართულებს ამ გზას, განსაცდელებს ქმნის, წავუყრუებთ, ისედაც რთული და გაუსაძლისი წუთისოფელი, კიდევ უფრო რთული და მძიმე ხდება. ადამიანებმა არ უნდა დავუმძიმოთ ერთმანეთს ყოფა-ცხოვრება, პირიქით უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს და თუ შეგვიძლია, ერთმანეთს შევუმსუბუქოთ ტვირთი. არ შეიძლება, ყველას და ყველაფერს ეჭვის თვალით ვუყუროთ. მტერიც კი, რომელიც აშკარა მტერია, ბოღმა მის მიმართ არ უნდა ჩაიდო გულში, რადგან ბოღმა ბოღმის მატარებელს ანადგურებს და კლავს. სწორედ, როდესაც მაცხოვრის შესახებ ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ღმერთი არის ღმერთი სიყვარულისა და სიყვარული თუ გვიშველის ჩვენ და გადაგვარჩენს. ჩემს თავს უფლებას ვერ მივცემ, ვისაუბრო იმის შესახებ, თუ რისი მოლოდინი მქონდა და რისი მოლოდინი არ მქონდა. იმედგაცრუებას ზიანის მეტი არაფერი მოაქვს, არც თვითონ ადამიანისთვის და არც საზოგადოებისთვის. ჯობია, პრაგმატულები ვიყოთ და რეალობას თვალი გავუსწოროთ. ერთმანეთისგან ნუ მოვითხოვთ იმაზე მეტს, ვიდრე ადამიანს შეუძლია“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შობის დღესასწაულთან დაკავშირებით გუშინ, ხუთი მსჯავრდებული შეიწყალა. შეწყალებულთა სიაში დეკანოზი გიორგი მამალაძე ვერ მოხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები