„დათო წერედიანი ნახევარ საქართველოს უნდა გაეცილებინა უკანასკნელ გზაზე! ის ამას იმსახურებდა“..

მწერლისა და მთარგმნელის დავით წერედიანის გასვენებას ფეისბუქის გვერდზე მწერალი გიზო თავაზე ეხმიანება.
„ – გადაწყდა, მახათას მთაზე!.. მირეკავს მეგობარი დედაქალაქიდან.
– კარგია, თუმცა, ბაჩანა ბრეგაძის გვერდით…
– ხო (მაწყვეტინებს), მცხეთაც განიხილებოდა, სამთავრო, ლევან გოთუას, გოდერძი ჩოხელის, მიშა ქურდიანის გვერდით, მაგრამ, მაინც მახათაზე, ახალ პანთეონში… შენ არ ჩამოხვალ?
დილით ადრე გავეშურე თბილისისკენ. ჯერ დიდ დიღომში, წმინდა ლუკას სახელობის ტაძარში მივედი, სადაც ზაურ კალანდიას მეუღლის, ჩვენი ძვირფასი თამუნას ცხედარი ასვენია. მოვეფერე და გავამხნევე (თუ ამ დროს გამხნევება შესაძლებელია!..) ზაური და სიონის საკათედრო ტაძრისკენ გავეშურე.
კარიბჭესთან თემურ ჩალაბაშვილი შემხვდა: რა კაცი დავკარგეთო! – ხელი მომიჭირა.
ზედ ტაძართან კი, როსტომ ჩხეიძე და სოსო მეშველიანი შემომეგებნენ. მერე სხვა მეგობრებიც ვნახე.
ვიდრე პროცესია მახათას მთისკენ აიღებდა გეზს, ვიღაც ჟურნალისტი და ოპერატორი შემოვარდნენ დაოთხილები, მიიხედ-მოიხედეს და ამოთქვა სიბრიყვე ჟურნალისტმა: ვერცერთ პარლამენტარს ვერ ვხედავ, რომ ჩავწეროო!!!
ისევ ქალისადმი პატივისცემამ შემაკავა, რომ პასუხი არ გავეცი როყიო ნათქვამზე.
შე კარგო ადამიანო, რომელ პარლამენტარს ეძებ (ვაშაძეს თუ ბარამიძეს?!) როდის კითხულობდნენ „ფაუსტს“, „დიდ ანდერძს“ თუ სვანურ ეპოსს? პოლიტიკოსი რად გინდა, აგერ ზურაბ კიკნაძე, ტარიელ ჭანტურია, ბესიკ ხარანაული (ყველანი 80 წელს გადაცილებულნი) ჩაწერე, როსტომ ჩხეიძე და ლევან ბრეგვაძე ჩაწერე; თუ არ იცნობ, იკითხე და მიგასწავლიან, აქ, ძალიან კარგი მწერლები გლოვობენ კოლეგას, დიდებულ მწერალს და ადამიანს.
მახათას პანთეონში, სამგლოვიარო პროცესია გახსნა და წაიყვანა ერეკლე საღლიანმა, დიდებული სიტყვები თქვეს, ლია სტურუამ და გივი შაჰნაზარმა.
ქელეხის სუფრასთან, დიდებულმა კაცმა და მთარგმნელმა, ლერი ალიმონაკმა მითხრა: მე მგონი, ვერ გაიგეს, ვინ მოგვიკვდაო!..
კი, სიცივე და იანვრის ტაროსი თავისას შვება, მაგრამ, დათო წერედიანი, ნახევარ საქართველოს უნდა გაეცილებინა უკანასკნელ გზაზე!.. ის, ამას იმსახურებდა“!.. – წერს გიზო თავაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები