ილია მეორე 87 წლის გახდა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე 87 წლის შესრულდა.
ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა. 1952 წელს დაასრულა ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლა და სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო, რომელიც 1960 წელს დაასრულა. 1957 წლის 16 აპრილს თბილისში, ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ბერად აღკვეცეს და სახელად ილია უწოდეს. 1963 წლის 26 აგვისტოს საქართველოს მაშინდელმა კათოლიკოს-პატრიარქმა, ეფრემ მეორემ ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის ეპისკოპოსად აკურთხა, 1967 წლიდან კი ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მღვდელმთავრად გადაიყვანეს, რომელსაც 11 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
შეგახსენებთ, კათოლიკოს-პატრიარქ დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა ფარული კენჭისყრით მიტროპოლიტი ილია კათოლიკოს-პატრიარქად აირჩია. ინტრონიზაცია იმავე წლის 25 დეკემბერს, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გაიმართა.
25 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის ინტრონიზაციიდან 42-ე წლისთავი აღინიშნა.