ხელოვნების სასახლის კოლექცია წელს პირველი ახალი ექსპონატით შეივსო

ხელოვნების სასახლის კოლექცია წელს პირველი ახალი ექსპონატით შეივსო.
ხელოვნების სასახლის ინფორმაციით,ქართველი მწერლის, ეროვნული თეატრის გამორჩეული მოღვაწის, დავით ერისთავის პორტრეტი, უნიკალური ფერწერული ნამუშევარი,რომელიც გასული საუკუნის დასაწყისში შეიქმნა, მუზეუმისათვის დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდმა შეიძინა.
„ნახატის ავტორი დიდი ქართველი ფერმწერი და გრაფიკოსი, ახალი ეროვნული მხატვრობის ერთ-ერთი ფუძემდებელი ალექსანდრე ბერიძეა. პორტრეტი დიდი ხნის განმავლობაში ერისთავის შთამომავლების ოჯახში ინახებოდა, საბოლოოდ ოჯახის თანხმობითა და ფონდის მხარდაჭერით პორტრეტმა სამუდამოდ მუზეუმში გადმოინაცვლა. ის რესტავრაციის შემდეგ თავის ღირსეულ ადგილს სასახლის მუდმივ ექსპოზიციაში დაიმკვიდრებს, სადაც დამთავლიერებელს ყოველთვის მოვუყვებით შესანიშნავი ქართველის დიდი ღვაწლის შესახებ. მარტო ის რად კმარა, რომ დავითი იყო ქართული დრამატული საზოგადოების ერთ-ერთი ინიციატორი. მანვე თარგმნა და გადმოაკეთა მრავალი დრამატული ნაწარმოები. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა მისმა ისტორიულმა პიესამ “სამშობლო” (1881), რომელსაც საფუძვლად დაედო ფრანგი დრამატურგის ვიქტორიენ სარდუს ამავე სახელწოდების დრამა. სარდუს სიუჟეტი ერისთავმა ბრწყინვალედ მიუსადაგა ქართულ სინამდვილეს, პიესას ეროვნული კოლორიტი შესძინა და წინაპართაგან სამშობლოსათვის თავდადება მაგალითად დაუსახა იმდროინდელ ქართველობას. “სამშობლოს” წარმოდგენამ (1882 წლის 20 იანვარს) ეროვნული მანიფესტაციის ხასიათი მიიღო”, – აცხადებენ ხელოვნების სასახლეში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები