ქეთევან ციხელაშვილი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადასასვლელი არამხოლოდ ქარძმანის, არამედ ახალგორის მიმართულებით გაიხსნას
საუბედუროდ, პირველად არ ხდება, რომ სწორედ ცხინვალის მიმართულებით, სადღესასწაულო დღეებში, მაშინ, როდესაც ადამიანებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, გადაადგილება სრულად იზღუდება, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ქარძმანის მიმართულებით ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, უკვე თითქმის მეოთხე თვეა, გადაადგილება შეზღუდულია ახალგორის მიმართულებითაც, რაც რეგიონში, როგორც ქართველი, ისე ოსი მოსახლეობისათვის მძიმე მდგომარეობას ქმნის.
„დღეს ამაზე საუბრობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელმაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ საქართველოს მთავარი გამოწვევა ოკუპაცია გახლავთ და ის, რომ ყოველ დღე ადამიანები, გამყოფი ხაზების როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს, უმძიმეს გამოწვევებს აწყდებიან. ეს ჩვენი მთავარი პრობლემაა, რომელსაც ევროპული არჩევანით ვპასუხობთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ამ გამოწვევებს ვპასუხობთ მშვიდობით, განვითარებით, ადამიანებზე ორიენტირებული პოლიტიკით, ამ ადამიანებზე ზრუნვით და ამას აუცილებლად გავაგრძელებთ, რაც შედეგს აუცილებლად მოიტანს.
„სამწუხაროდ, ამით კიდევ ერთხელ აშკარა ხდება საოკუპაციო რეჟიმის სახე, რომელიც ადამიანების ინტერესებს, განურჩევლად მათი ეთნიკური წარმომავლობისა, როგორც ჩანს, არაფრად აგდებს. თვისობრივია, რომ ამ შეზღუდვებით 6-7-ჯერ მეტი ადამიანი ზარალდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის, ეთნიკურ ოსები, ჩვენი მოსახლეობა, რომელთაც კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა სურთ, ვიდრე პირიქით. რაც იმას მიანიშნებს, რომ ინტერესი და საჭიროება მაღალია, ხოლო მგრძნობელობა ამ რეჟიმისა ადამიანების გასაჭირის მიმართ, ფაქტობრივად არ არის“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ცხელი ხაზი უკვე ამოქმედებულია და დაფიქსირებულია პოზიცია, რომ მიმოსვლა აუცილებლად უნდა აღდგეს. ასევე, შემდგომი რეაგირების მიზნით, შეტყობინება გაგზავნილია ჟენევის თანათავმჯდომარეებთან.
„საუბედუროდ, ერთგვარ პრაქტიკად ჩამოაყალიბეს, რომ სადღესასწაულო დღეებში მიმოსვლა ფაქტობრივად სრულად იზღუდება. დღეს, ამ ვითარებაში, ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ გადასასვლელი არა მხოლოდ ქარძმანის, არამედ ახალგორის მიმართულებით გაიხსნას. ამ შესაძლებლობასაც მოწოდებისთვის ვიყენებ ყველას მიმართ, ვისაც დღეს გადაწყვეტილების მიღება ხელეწიფება. ადამიანების სასიცოცხლო ინტერესიდან გამომდინარე, გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული“, – დასძინა სახელმწიფო მინისტრმა.