ეროვნული ბიბლიოთეკა მთავარი საჯარო დაწესებულება გახდა

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ფეისბუქის გვერდზე აჯამებს 2019 წლის მუშაობის შედეგებს და აღნიშნავს, რომ ეროვნული ბიბლიოთეკა მთავარი საჯარო დაწესებულება გახდა.
„ეს არის ჩემი ბოლო გზავნილი ამ წლისთვის.
დეკემბრის მიწურული მამაჩემის და ბებიაჩემის გარდაცვალების დღეებია, 2015 წლის შემდეგ ახალი წლის პროლოგი ჩემთვის ამ გარდაუვალ და თანამდევ სევდას ატარებს. მაგრამ რადგან ვიცი, რომ ცხოვრებაში სხვა როლი მერგო, ეს როლი მაიძულებს, მხოლოდ საკუთარ თავს ძნელად ვეკუთვნოდე. ამიტომაც, ვცდილობ, დარდიანი თარიღები რამე მნიშვნელოვან საქმეს დავამთხვიო – საქმეს, რომელიც განათლებას, იმედს და თავისუფლებას მიემართება – საქმეს, რომელიც ღიმილს და სიცოცხლეს იგულისხმებს.
და აი, გუშინ და დღეს სკოლებში ბიბლიოთეკები (ახალქალაქში-სოფელი ხულგუმო, კულიკამი და კარტიკამი, ხოლო ნინოწმინდაში სოფელი გორელოვკა) ღია გაკვეთილი ჩავატარე და ახლა უკან მოვემართები.
მოვდივარ და თან ანგარიშს ჩაგაბარებთ, ანუ მოკლედ და ბევრი გამოტოვებით, მოგიყვებით, წელს რა მოხდა:
ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაიწყო პირველი და მეორე კორპუსის სრული რეაბილიტაცია. შემუშავდა პროექტი, რომელიც ამ სივრცეებს ევროპის საუკეთესო ბიბლიოთეკად აქცევს. „ეკვილიბრიუმის“ ფარგლებში ერთი მოსწავლისათვის მოწყობილი ბიბლიოთეკა (თხმორი, რაჭა) მეათასე აღმოჩნდა მოძრაობის დაწყების დღიდან. ჯამში, წელს 108 სოფელში აღვადგინეთ ან მოვაწყვეთ თანამედროვე ბიბლიოთეკა. უშგულში, ამბროლაურში და ახალქალაქში ახალგაზრდული ბიბლიოთეკები გავხსენით. ოკუპაციის ხაზთან მდებარე სოფლებში სკვერი-სამკითხველოები დავაფუძნეთ.
ძალიან მნიშვნელოვანია ტაო-კლარჯეთის სოფლების საკვირაო სკოლებში სამკითხველოების მოწყობის დაწყება და ახალქალაქის სოფლის სკოლებში ბიბლიოთეკების შექმნა. ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივით ქვინსის ბიბლიოთეკაში, ნიუ-იორკში, გაიხსნა პირველი ქართული ბიბლიოთეკა. კიდევ საქართველოს ბეჭდური და ელექტრონული გამოცემების რეგისტრაციის ცენტრი დაფუძნდა, რომლის იატაკზე იშხნის მონასტრის იატაკის ულამაზესი ასლი განთავსდა.
დავიწყეთ წიგნის მუზეუმის გაფართოება და იანვრის მიწურულს უკვე სხვა მასშტაბით შეუდგება მუშაობას. ქუთაისის საერთაშორისო დეპოზატირუმის მშენებლობა დასასრულს მიუახლოვდა. შევიძინეთ უამრავი ექსკლუზიური საარქივო მასალა, დავნერგეთ წიგნის დისტანციურად შეკვეთის სისტემა, განვავითარეთ ჩვენი ციფრული ლაბორატორიები და ახალი პლატფორმებიც დავაფუძნეთ – მაგალითად; ბიბლიოვიკი და ბიბლიოთეკა – სკოლას. უახლოეს მომავალში გაიხსნება ფოლკლორის დარბაზი, ემიგრაციის მუზეუმი და კინობიბლიოთეკა.
2019 წელს საბოლოოდ დავაწესეთ წიგნის ჩუქების დღე, 23 აპრილს. და აუცილებლად სათქმელი – ეროვნული ბიბლიოთეკა რეალურად გახდა უმთავრესი საჯარო დაწესებულება და მსხვილი სოციალური მოთამაშე, სადაც ნებისმიერი ინტერესის ჯგუფისთვის (გარდა კრემლის ადეპტებისა) ღიაა კარი.
სხვაც – „გურული დღიურების“ ფონდს ჰყავს ექვსი ახალი სტიპენდიანტი რეგიონებიდან და თბილისიდან. თუ პერსონალური საკითხია – ჩემი „თომას ზღაპრები“ გამოვიდა ჩინურ, იტალიურ და ფრანგულ ენებზე. შევუდექი ფილმის სცენარზე მუშაობას და არაერთი კონკურსი მოვიგეთ. დავიწყე მასწავლებლობა თბილისში, ოზურგეთში, ქუთაისში, ბათუმში და ახალქალაქის სოფლებში. ვაგრძელებ სალექციო კურსებს. მაქვს რადიო და ტელერუბრიკები. მოკლედ – შრომა, შრომა და შრომა მექცა უნებლიე ლოზუნგად.
მომავალ წელს, როგორც ადამიანთა ცხოვრების წესია, ბევრი ცუდი რამ მოხდება, მაგრამ ყველაფერს გადავლახავთ – რაც ნიშნავს, რომ უფრო მეტი კარგი ამბავი გველის. და ეს ამბები პირველ რიგში უნდა გულისხმობდეს თავისუფალ ადამიანს, უნდა გულისხმობდეს საკუთარ თავში იმ გზავნილს, რომელსაც იმედი მაქვს, დღეს, 19.00 საათზე, ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოიტანთ, ვაჟა გაფრინდაშვილის აუცილებელი საქციელის ერთმანეთისთვის შესახსენებლად.
ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ!“- წერს გიორგი კეკელიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები