ქართველი “მაკგრეგორი” – 24 წლის ხვიჩა გიგოლაშვილი, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო მოკრივედ დასახელდა
ხვიჩა გიგოლაშვილი 10 წელია სპორტითაა დაკავებული. 24 წლის მამაკაცი Boxing group promotions-მა 2019 წლის საუკეთესო მოკრივედ დაასახელა.
“2019 წლის ყველაზე ეპატაჟური და “მებრძოლი სული” -ხვიჩა გიგოლაშვილი- 24 წლის ახალციხელი მოკრივე, რომელსაც სპორტული მედია “ქართულ მაკგრეგორადაც” მოიხსენიებს. მისი თავდაჯერებულობა და პუბლიკაციასთან ურთიერთობა მართლაც მისაბაძია”,- წერია განხადებაში, რომელიც ფედერაციამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გააკეთა. როგორც ბოქსის ფედერაცია იუწყება, 2019 წლის მოკრივეთაგან ხვიჩამ ევროპის ქვეყნებში ყველაზე მეტი სარეიტინგო ბრძოლა გამართა და ბევრი გამარჯვებაც მოიპოვა.
ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია, თურქმენეთი, რუმინეთი ეს იმ ქვეყნების მცირე ჩამონათვალია, სადაც ხვიჩა რინგზე შეხვედრებს მართავს. ქვეყანაში გამარჯვებული ხშირად ბრუნდება.
„სპორტი ისე შევიყვარე, მის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. ფიქრიც არ მინდა იმაზე, რომ 45 წლის შემდეგ ვარჯიშს ვეღარ შევძლებ. კრივი ისეთი სახეობაა, სადაც ნებისმიერი სპარინგი შეიძლება საბოლოო აღმოჩნდეს, გარდა ამისა, ტრავმები აქ ძალიან ხშირია“,- უყვება „რეგიონულ კვირას“ ხვიჩა.
პროფესიონალური კრივის ფედერაციის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით 2019 წელს ყველაზე მეტი ბრძოლა, სადაც გამარჯვება საქართველოს სახელით დასრულდა, სწორედ, ხვიჩას ეკუთვნის. ახალგაზრდა მამაკაცი საუბრისას ამბობს, რომ ვარჯიშისთვის კვირის ყველა დღეს იყენებს. დღეში საშუალოდ 3 საათს ვარჯიშობს.