ქართველმა, რომელსაც ყაზახეთში ექსტაზი აღმოუჩინეს, გერმანიაში მიმალვა მოახერხა
გერმანიიდან ყაზახეთში საქართველოს მოქალაქის, გვარად ლელაძის, ექსტრადირება მოხდა, რომელსაც ყაზახეთის ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალების შეტანის მცდელობისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში ყაზახეთის მთავარმა პროკურორმა ერნათ სიბანკულოვმა დაწერა.
მისი ინფორმაციით, 2017 წელს შიმკენთის აეროპორტში მებაჟეებმა გერმანიიდან ყაზახეთში ნარკოტიკული საშუალების – „ექსტაზის“ შეტანის მცდელობა გამოავლინეს.
ლელაძემ კი, როდესაც შეიტყო, რომ მისი ბარგი დაკავებულია, აეროპორტის ტერიტორია დატოვა და შემდგომ გერმანიაში მიიმალა.
თუმცა, ყაზახმა სამართალდამცველებმა გერმანიას შესაბამისი მოთხოვნით მიმართეს, რის შედეგადაც დამნაშავე იქნა დაკავებული და ყაზახეთში ექსტრადირებული.