ირაკლი ფარჯიანის გამოფენა – „აბასთუმნის შობა“ 25 იანვრამდე გაგრძელდება

„ბაია გალერეაში“ ირაკლი ფარჯიანის ნამუშევრების გამოფენა „აბასთუმნის შობა“ გაიხსნა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენა  2020 წლის 25 იანვრამდე გაგრძელდება.
უკვე 27 წელია, გალერეის დაარსებიდან დღემდე, წელიწადში ორჯერ – მაისში და დეკემბერში „ბაია გალერეა“ ირაკლი ფარჯიანს ეთმობა.
„მხატვრის დაბადების და გარდაცვალების თარიღს აღვნიშნავთ პერსონალური გამოფენით ან ჯგუფურ ექსპოზიციაში მისი მონაწილეობით.
2020 წელი – ფარჯიანის საიუბილეო წელია, 22 მაისს მას 70 წელი შეუსრულდებოდა; წელს კი, 23 დეკემბერს, მხატვრის გარდაცვალებიდან 28 წელი შესრულდა.
გალერეა მისი წასვლიდან ერთი წლის შემდეგ გაიხსნა და იმ დროიდან ფარჯიანი გალერეის მხატვრად მოიაზრება. მისი ნამუშევრები ყოველთვის არის გალერეის მუდმივ ექსპოზიციაში. 20-ზე მეტი გამოფენა ჩვენს გალერეაში, 2 კატალოგი, კერძო კოლექციებში აღმოჩენილი მხატვრის 100-ზე მეტი უცნობი ნამუშევარი, ფასების უმაღლესი რეიტინგი, შემოქმედების კვლევა და პოპულარიზაცია, ლონდონის სოთბის სააუქციონო სახლის გამოფენებზე წარდგენა (გამოფენა „გზაჯვარედინი“ 2013 – 2014წწ.), სხვადასხვა სივრცეში ჩვენ მიერ მოწყობილი გამოფენები (გამოფენა „ბერლინის ციკლი, ოდისევსის მოგზაურობა, საბავშვო ბიბლია“ – ახალი გალერეა, 2011; „ირაკლი ფარჯიანი. საიუბილეო წელი – 65“ („მარკოზის და იოანეს სახარება“. პირველი ექსპონირება. საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი – ხელოვნების სასახლე, 2015) – ყველაფერი ეს გალერეის და მხატვრის მრავალწლიანი წარმატებული „თანამშრომლობის“ შედეგია, მხატვრის გზის ის მონაკვეთი, რომელიც მისი წასვლის შემდეგ გრძელდება…
ირაკლი ფარჯიანი მე-20 საუკუნის ქართული ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფიგურაა, 1980 -იანი წლების „უნებლიე“ ლიდერია, რომელმაც თაობის პოზიცია, სტილი და მიმართულება განსაზღვრა.
ქართულ ხელოვნებაში მას უკავშირდება რელიგიური მხატვრობის გაწყვეტილი ტრადიციის რეაბილიტაცია და ტრანსფორმაცია. მისი შემოქმედების ყველა დინება, მოტივი, თემა, პერსონაჟი თუ სიმბოლოთა სისტემა, საბოლოოდ, რელიგიურ მხატვრობაში იყრის თავს და ეს მიმართულება მისი შემოქმედების საავტორო მოდელს ქმნის. ამ პერიოდის ქართულ მხატვრობაში მან თანამედროვე ნაკადი, აბსტრაქციისა და ფორმის მოდიფიკაციის საკუთარი სქემა შემოიტანა. ეს იყო განსაცვიფრებელი ფიგურა ქართულ ხელოვნებაში – ტრადიციული და თანამედროვე კულტურის სისტემების გამაერთიანებელი, სამყაროს შესახებ ფარული ცოდნის მატარებელი, მეტაფიზიკურ ლანდშაფტებში „მოგზაური“, სიკვდილ- სიცოცხლის მარადიული თემის, სიმბოლოების და სიზმრების ინტერპრეტატორი. მან მოახერხა, მე-20 საუკუნის 80 – იანი წლების საზარელ რეალობაში შეექმნა სამყარო, გამსჭვალული ფარული ტრაგიზმით, მისტიციზმით, ამაოების გარდაუვალობით და, ამავე დროს, სიცოცხლის სადღესასწაულო პრეზენტაციით, სინათლის და მშვენიერების იმ კატეგორიებით, რომელიც მუდამ მარადიულ ფასეულობებს უკავშირდება.
„ბაია გალერეა“ კიდევ ერთხელ წარმოადგენს ირაკლი ფარჯიანს გამოფენით „აბასთუმნის შობა““, – აღნიშნულია „ბაია გალერეის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მისამართი: ინგოროყვას 19ა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები